რუბრიკები
ენგურის გამშვებ პუნქტზე შეზღუდვები დაწესდება (ვიდეო)
დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ენგურის გამშვებ პუნქტზე სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, ტექნიკური მიზეზების გამო, გადაადგილება დროებით შეეზღუდებათ. ასევე გამოქვეყნდა იმ დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელიც აუცილებელია ე.წ. საზღვრის გადასაკვეთად ნებართვის მისაღებად. შეზღუდვების მიზეზებს ე.წ. საგარეო უწყება არ განმარტავს. აქვე ნათქვამია, რომ დამატებითი ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი."შეზღუდვები ტექნიკური მიზეზებითაა განპირობებული და ისინი არ შეეხება აფხაზეთში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებს. სხვა ქვეყნის მოქალაქეებს აფხაზეთში შემოსვლა "ფსოუდან"- რუსეთ-აფხაზეთის გამშვები პუნქტიდან შეუძლიათ". მანამდე, დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ იგეგმება ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის მსურველთა რაოდენობის შეზღუდვა. მისი თქმით, „ქართულ-აფხაზურ საზღვარზე“ გრძელდება ტვირთის უკანონო შემოტანა, რაც აფხაზეთის ეკონომიკას ზიანს აყენებს, რის გამოც კონტროლი სასაზღვრო პუნქტზე უნდა გაძლიერებულიყო. აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ჯემალ გოგოხიას ინფორმაციით, შეზღუდვები იმ პირებზეც ვრცელდება, ვისაც არ აქვს აფხაზური პასპორტი.აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ითხოვს პასპორტის ორიგინალს და არა მის ასლს, რადგან ადრე გადამსვლელებს შესაძლებლობა ჰქონდათ პასპორტის ასლით გადასულიყვნენ ადმინისტრაციულ საზღვარზე, რაც გოგოხიას თქმით, დღეიდან აიკრძალება.
Print