პროექტის "მიუსაფარი ძაღლიც ადამიანის მეგობარია" პრეზენტაცია ზუგდიდში (ვიდეო)
17:47 / 03.09.2015
დღეს ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამოქალაქო კვლევებისა და მონიტორიგის ცენტრი“ დემოკრატიული ჩართულობის ოფისში პროექტის "მიუსაფარი ძაღლიც ადამიანის მეგობარია" პრეზენტაცია გამართა. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. მას ახალგაზრდები, საკრებულოსა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტის მიზანია სამეგრელოს რეგიონში მიუსაფარი ძაღლების პრობლემის აღმოფხვრა, რაც ქალაქ ზუგდიდში მაწანწალა ძაღლებისათვის თავშესაფრის მოწყობას გულისხმობს, რომლითაც სამეგრელოს რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტები ისარგებლებენ. თავის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობის პროექტზე აქტიურად მუშაობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის თეონა კუკავას თქმით, რეგიონში არსებული მუნიციპალიტეტები მზად არიან ჩაერთონ ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობის პროცესში. „სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრი“ პროექტს „ეროვნულ - დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მხარდაჭერითა და „შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ (SIDA) დაფინანსებით ახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები