რუბრიკები
ზუგდიდელები: ღვთისმშობლის შესამოსელი ქალაქს არ დატოვებს (ვიდეო)
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ინიციატივით, ზუგდიდიდან ღვთისმშობლის შესამოსელის ერთი დღით გატანასთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა. მას მრევლი, საზოგადოება „ზუგდიდიდელის“ წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე და სხვა სასულიერო პირები დაესწრნენ. მეუფესთან შეხვედრა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში შედგა. მეუფე გერასიმემ შეხვედრის მონაწილეებს განუცხადა, რომ საქართველოს პატრიარქთან აპირებს შეხვედრას და აინტერესებს, თუ რას ფიქრობენ ისინი სიწმინდის ერთი დღით ხობის ტაძარში დასვენებასთან დაკავშირებით. შეხვედრის მონაწილეების თქმით, საზოგადოების უდიდესი ნაწილი, ღვთისმშობლის შესამოსელის გატანის წინააღმდეგია, რადგან ,მათი თქმით, მსგავსი პრეცედენტი დაუშვებელია. სასულიერო პირების და მრევლის ნაწილი სიწმინდის ქალაქიდან გატანის სურვილში გარკვეულ ჯგუფის ინტერესებს ხედავს, რომელსაც ზუგდიდიდან სიწმინდის სამუდამოდ წაღების სურვილი ამოძრავებს. შეხვედრაზე ასევე გაჟღერდა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, ზუგდიდელების ნაწილი მუზეუმის წინ კარვების გაშლას და სიწმინდის დაცვას შეეცდება. მეუფე გერასიმეს თქმით, მას იმედი აქვს, რომ პატრიარქი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და ღვთისმშობლის შესამოსელი სამუდამოდ ზუგდიდში დარჩება, როგორც ამის შესახებ მან 2007 წელს თავად ბრძანა. გარდა ამისა, შეხვედრაზე ხელმოწერების შეგროვება და აღნიშნული პოზიციის კულტურის სამინისტროსთვის უფიციალურად გაცნობა გადაწყდა. მეუფე გერასიმე შეხვედრის დასრულებისთანავე ქობულეთში პატრიარქთან შესახვედრად გაემგზავრა. 21 სექტემბერს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს, ზუგდიდის დადიანების სახელობის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან ღვთისმშობლის შესამოსელის ერთი დღით გატანა და ხობის ხარების დედათა მონასტერში დაბრძანება სურთ. შესაბამისი ნებართვა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უკვე გასცა. თუმცა, არსებობს კულტურის სამინისტროს მეორე წერილი, სადაც უწყება საპატრიარქოს ღვთისმშობლის შესამოსელის გატანასთან დაკავშირებით პოზიციის გამოხატვას სთხოვს. 11999047_10153580745094812_6559256956530623783_n  
Print