წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან დილის ათი საათიდან მოსახლეობა იყო შეკრებილი.
აქციის 200 -მდე მონაწილემ შენობის პიკეტირება მოახდინა. ისინი პროტესტს გამოთქვამდნენ, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები რჩებიან წამყვან თანამდებობაზე. აქციის მონაწილეები ასევე მუნიციპალიტეტის სოფლის რწმუნებულების შეცვლას ითხოვდნენ.
მათი უმთავრესი მოთხოვნა კი სასოფლო სამეურნეო ბარათებს უკავშირდებოდა. ისინი ითხოვდნენ განმარტებას იმის გამო, რომ მათივე თქმით სასოფლო სამეურნეო ბარათები მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნაწილს ამ დრომდე არ მიუღია.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ეკა ბელქანია ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მოპიკეტეებთან სასაუბროდ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯომარე დავით ბელქანია და გამგებელი გიორგი გულორდავა მივიდნენ.
მიღწეულ იქნა შეთანხმება, მოპიკეტეებს დაპირდნენ, რომ მათი მოთხოვნა პიროვნებების სასახურიდან დათხოვნის შესახებ მხოლოდ კონსტიტუციის ფარგლებში გათვალისწინებული ნორმების დაცვით იქნება შესრულებული.
„ერთ თვეში უნდა გადაწყდეს საკითხი რწმუნებულების დათხოვნის შესახებ მათ მოთხოვნასთან დაკავშირებით, ჩვენი პასუხია, რომ რწმუნებულების დათხოვნა მოხდება კანონიერების ფარგლებსი ატესტაციების გზით, ანუ ვინც ვერ გაივლის ატესტაციას შესაბამისად დატოვებს თანამდებობას.“-აღნიშნავს ეკა ბელქანია
მასალის გამოყენების პირობები