რუბრიკები
ზუგდიდში სამარშრუტო ტაქსის მძღოლებმა აქცია გამართეს (ვიდეო)
დასავლეთ საქართველოს თბილისის ხაზზე მომუშავე სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლებმა ზუგდიდის რკინიგზის ტერიტორიაზე აქცია გამართეს. აქციის  მონაწილეების პროტესტი თურქული კომპანიის მეტრო ჯორჯია მიერ ქალაქში დაწყებულმა სამშენებლო სამუშაოებმა გამოიწვია. მძღოლები აცხადებენ, რომ ახალი ავტოსადგურის გახსნა მათ მგზავრების რაოდენობას შეუმცირებს.  მძღოლებმა ცენტრალურ ხელისუფლებას აღნიშნულ საკითხზე დროული რეაგირების თხოვნით მიმართეს, რადგან შიშობენ, რომ თურქული კომპანიის თანამდროვედ აღჭურვილი, კომფორტული ტრანსპორტისთვის კონკურენციის გაწევა რთული იქნება, რამაც შეიძლება სამუშაო ადგილების დაკარგვაც გამოიწვიოს. აქციის მონაწილეებმა სადგურის ტერიტორიიდან მერიის შენობასთან გადაინაცვლეს, შემდეგ კი მეტრო ჯორჯია - ს სამშენებლო ობიექტზე, სადაც მუშებს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. სიტუაცია საპატრულო პოლიციის თანამშრომლების გამოჩენამ განმუხტა. აქციის მონაწილეებს მხარი საქართველოს პროფკავშირების წევრებმაც დაუჭირეს, რომელთა განცხადებით, ადგილობრივ ბაზარზე უცხოური კომპანიების შემოსვლით სამარშრუტო ტაქსების მძღოლების უფლებები დაირღვევა და ადგილობრივი ბიზნესი დაზარალდება. მძღოლებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ. მათ განმარტეს, რომ აღნიშნული კომპანია ქალაქში უნებართვო მშენებლობის დაწყების გამო წერილობით უკვე გააფრთხილეს, რადგან ტერიტორია, სადაც ავტოსადგურის მშენებლობა მიმდინარეობს რეკრეაციულ ზონაში შედის. მშენებლობის გაგრძელების შემთხვევაში მერია კანონის შესაბამისად იმოქმედებს. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციის მონაწილეები თურქული კომპანიის გადაადგილების შეზღუდვას და მათ წინააღმდეგ ქალაქში პიკეტირების მოწყობას გეგმავენ. ზუგდიდში სამარშრუტო ტაქსის მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ
Print