რუბრიკები
“თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრი" ჩუხუას თვითმკვლელობის ვერსიას უარყოფს (ვიდეო)
“თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის” წევრმა ლევან თორიამ, გარდაცვლილი ბიზნესმენის რუზგენ ჩუხუას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. ის ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიების და დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნის საფუძველზე ბიზნესმენის თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს და აცხადებს, რომ ჩუხუა საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საკუთარ მანქანაში ჯერ მოკლეს, შემდეგ კი უკანა სავარძელზე გადაასვენეს. მისი თქმით, მკვლელობის ფაქტს ის გარემოებაც ადასტურებს, რომ გარდაცვლილს ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. თორიას ინფორმაციით, რუზგენ ჩუხუა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერი იყო, რის გამოც მის მიმართ მკვლელობამდე არა ერთი მუქარა და გამაფრთხილებელი ზარი განხორციელდა. ლევან თორია ამბობს, რომ ჩუხუას ფინანსური პრობლემები ჰქონდა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ლევან შონიასთან, რადგან მისი თქმით, გუბერნატორმა, არაოფიციალურად, სწორედ მისგან შეიძინა სათამაშო კლუბი „რიო“. გარკვეულ ძალებს კი მისი ლიკვიდაცია სურდათ. აღნიშნულ ბრალდებას ლევან შონია მტკნარ სიცრუესა და არასერიოზულ განცხადებას უწოდებს. თორიამ ჟურნალისტებს ვიდეო კადრებიც გადასცა, სადაც მისი თქმით, კარგად ჩანს მკვლელობის ადგილი, რომელიც თვითმკვლელობის ვერსიას აქარწყლებს და უამრავ კითხვას ბადებს. საგამოძიებო უწყებებს ის საქმის ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს.
Print