საიას ზუგდიდის ოფისი: ზუგდიდის საბავშვო ბაღებში მძიმე მდგომარეობაა (ვიდეო)
13:29 / 11.09.2015
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლებმა , პროექტის - „ინფორმირებული მოქალაქეები საჯარო სამსახურში“ ფარგლებში, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ოფისში შედგა და მას აქტიური მოქალაქეები, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის ნინო ხუხუას თქმით, შეხვედრის მთავარი მიზანია მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და შემდგომში, რეკომენდაციების სახით, ამ პრობლემების ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობისთვის წარდგენა. მისივე განმარტებით, გამოიკვეთა რიგი პრობლემები, მათ შორის, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, შიდა გზები, გარე განათება, საზოგადოებრივი საპირფარეშოები და სხვ.
„ყველაზე მწვავედ დგას საბავშვო ბაღების პრობლემა და მინდა ამაზე გავაკეთო ყველაზე დიდი აქცენტი. თვითმმართველობას მივმართავ, რომ 2016 წლის ბიუჯეტში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად არჩეულ იქნას ბაღების რეაბილიტაცია და მათი საჭირო ნივთებით აღჭურვა “, - თქვა ნინო ხუხუამ.
პროექტი „ინფორმირებული მოქალაქეები საჯარო სამსახურში“ NDI-ს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მისი მიზანია მოქალაქეების ცნობიერების ამაღლების კამპანია, მოსახლეობასთან შეხვედრებით პრობლემების იდენტიფიცირება, საჯარო შეხვედრები თვითმმართველობის წარმომადგენელთა ჩართულობით, რეკომენდაციების შემუშავება და სხვა.
მასალის გამოყენების პირობები