რუბრიკები
ზუგდიდის GLC-ის სკოლაში სასწავლო პროცესი დაიწყო (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებთან ერთად, ახალი სასწავლო წელი საქართველოს სასწავლო ცენტრის GLC ზუგდიდის განყოფილებაშიც დაიწყო. სასწავლო ცენტრმა, რომელიც ასოციაცია „ათინათის“ ბაზაზე არსებობს, ახალი მოსწავლეები კონკურსის წესით წელსაც მიიღო. GLC-ის სკოლაში მოსწავლეების მიღება მე-7 კლასიდან იწყება. სასწავლო ცენტრის გერმანული ენის მასწავლებლის თინათინ ლოლუას თქმით, GLC-ის სკოლას წელს დიდი გეგმები აქვს და როგორც გასული წელი, ახალი სასწავლო წელიც გამორჩეული იქნება. „ყველა ბავშვი, რომელიც აქ სწავლობს - წარმატებას აღწევს, თუმცა, დიდი შრომის ფასად“, - თქვა თინათინ ლოლუამ. GLC- ის სკოლის სასწავლო ნაწილის მენეჯერის ინგა კეკელიას ინფორმაციით, 2015 წლის გამოშვების სამმა კურსდამთავრებულმა ოქროს მედალი აიღო, ერთმა - ვერცხლის. მისივე თქმით, 6 მოსწავლემ, რომელიც სტუდენტი გახდა,  100%-იანი გრანტი მოიპოვა, ხოლო დანარჩენებმა - 50%  - 70 %-იანი გრანტები. „აქვე შეიძლება ითქვას, რომ GLC-ის სკოლის არც ერთი მოსწავლე სასურველი უნივერსიტეტის მიღმა არ დარჩენილა“, - თქვა ინგა კეკელიამ. სასწავლო ცენტრის GLC ზუგდიდის განყოფილებაში 50-მდე ბავშვი სწავლობს. აქედან თითო კლასში მოსწავლეების რიცხვი 10-ს არ აღემატება, რაც სწავლის ხარისხზე აისახება.
Print