რუბრიკები
„ბიომასის წარმოება საქართველოში“ - პროექტის პრეზენტაცია ზუგდიდში (ვიდეო)
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, მეწარმეებთან და გამგეობის თანამშრომლებთან გამართულ შეხვედრაზე, ახალი პროექტი - „ბიომასის წარმოებისა და გამოყენების ხელშეწყობა საქართველოში“ წარმოადგინეს. პროექტის მიზანია ბიოლოგიურად სუფთა რესურსების გამოყენებით, ენერგიის ახალი, განახლებადი წყაროს შექმნა. ამისთვის ბიომასის საწვავის საწარმოების დაფინანსება იგეგმება. თანადაფინანსების მაქსიმალური წილი 75% იქნება. პროექტის ერთ-ერთმა კოორდინატორმა ლევან გოგოლაძემ შეხვედრაზე ბიომასის მიღების და შემდგომ, მისი ეფექტურად გამოყენების გზებზე და აუცილებლობებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, ბიომასის ნარჩენები მიიღება როგორც ადამიანური საქმიანობის შედეგად, ასევე სხვადასხვა მცენარეული მასალისგან, როგორებიცაა , მაგალითად, ნახერხი, თხილის ნაჭუჭი, წალამი, ფიჩხი, ჭაჭა, სიმინდის ფუჩეჩი და ა.შ. მათი გადამუშავების შედეგად მიიღება ეკოლოგიურად სუფთა ბიოენერგია. ასევე, მისი თქმით, ბიომასის გამოყენება შესაძლებელია, როგორც საყოფაცხოვრებო სექტორში, სახლების და წყლის გასათბობად, ასევე დიდი კომერციული შენობების ან თუნდაც, მთელი დასახლების ენერგიით მოსამარაგებლად. “კვლევების მიხედვით, საქართველოში ბიომასის წლიური რაოდენობა, დაახლოებით, ერთი მილიონ ასი ათასი კუბური მეტრია, რომლის სწორად გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელია მთელი ქვეყნის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის 20% ჩანაცვლება. ასევე, კვლევების მიხედვით ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტებში არსებული ბაღები და სხვადასხვა დაწესებულებები მოიხმარენ 10 ათასი კუბურ მეტრ შეშას და აქედან გამომდინარე, მეწარმეებს გასაღების დიდი ბაზარი ექნებათ“, - აღნიშნა ლევან გოგოლაძემ. აღნიშნულ პროექტს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.
Print