დაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე (ვიდეო)
14:29 / 02.10.2015
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს დღეს გამართულ სხდომაზე მერიის ქალაქმშენებლობის სამსახურის წარმომადგენელი რომან დარასელია და დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ანა წითლიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. კამათი მაღალსართულიან სახლებში ლიფტების გაუმართაობის საკითხის განხილვამ გამოიწვია.
წითლიძემ ქალაქმშენებლობის სამსახურის თანამშრომელს საქმის კეთებისკენ მოუწოდა და უთხრა, რომ ისწავლონ წერილების კითხვა და მოქალაქეების განცხადებები უყურადღებოდ არ დატოვონ. მისივე თქმით, მისთვის ცნობილია, რომ კომბინატში, 35-ე კორპუსში მცხოვრებლებმა მერიაში ლიფტის შეკეთების თაობაზე განცხადება შეიტანეს, თუმცა დღემდე იქ ლიფტი არ მუშაობს. რომან დარასელიამ წითლიძეს კორექტულობისკენ მოუწოდა და თქვა, რომ მის სამსახურში აღნიშნული განცხადება არ შესულა.
დეპუტატების თქმით, ქალაქ ზუგდიდში მაღალსართულიან კორპუსებში ლიფტების პრობლემა არსებობს და ამ საკითხზე მერიამ აქტიურად უნდა იმუშაოს. გარდა ამისა, საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ზუგდიდში ელექტრიკოსები, რომლებიც ლიფტების შეკეთებაზე და მონტაჟზე მუშაობენ, არ ჰყავთ და ხელოსნები ქუთაისიდან ჩამოჰყავთ. მათივე თქმით, უმჯობესია რამდენიმე ელექტრიკოსი ამ მიმართულებით გადამზადდეს, რათა სამუშაოები ადგილობრივი რესურსით შესრულდეს.
მასალის გამოყენების პირობები