ფერმერებს ზუგდიდში პროგრამა "დანერგე მომავალი" გააცნეს (ვიდეო)
13:55 / 21.10.2015
ზუგდიდში სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა ფერმერებს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს პროექტში "დანერგე მომავალი" შეტანილი ცვლილებები გააცნეს. შეხვედრა ზუგდიდის გამგეობის სააქტო დარბაზში გაიმართა.
პროგრამის მენეჯერის ლევან დოლიძის თქმით, პროექტის მეორე ეტაპის დაწყებისთანავე ცვლილებების შეტანა გახდა საჭირო, თუმცა, უცვლელი დარჩა სახელმწიფო დაფინანსების პრინციპი.
პროგრამაში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, ქვეყნის ყველა რეგიონში 5 ჰექტარის ნაცვლად მიწის მინიმალური ფართობი 1 ჰექტარით განისაზღვრა. ახალი დადგენილებით, ბენეფიციარს შესაძლებლობა ექნება პროგრამით რამდენჯერმე ისარგებლოს, თუმცა, დაფინანსება ჯამში 100 000 ლარს, ხოლო გაშენებული ბაღის ფართობი 20 ჰექტარს არ უნდა აღემატებოდეს. ასევე, რეგიონებს ინტენსიური ბაღების გაშენებისთვის ახალი კულტურები დაემატა. გარდა ამისა, დასავლეთ საქართველოში (გურია, აჭარა და სამეგრელო) თხილის კულტურის გაშენების შემთხვევაში მოიხსნა შეზღუდვა წვეთოვანი სარწყავი სისტემის სავალდებულო მოწყობის თაობაზე.
"კრიტერიუმების შეცვლის ძირითადი მოტივი იყო უფრო მეტ მოქალაქეს მიეღო პროგრამაში მონაწილეობა", - თქვა ლევან დოლიძემ.
სოფლის მეურნეობის ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის "დანერგე მომავალი" განხორციელება თებერვლის თვიდან დაიწყო. მისი მიზანია, მრავალწლოვანი ინტენსიური ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობის მოწყობა. აღნიშნული პროგრამის განხორციელებისთვის ორი წლის განმავლობაში 15 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 1 200 ჰა-ზე თანამედროვე ტიპის ბაღების და 30-40 ახალი სანერგე მეურნეობის გაშენება.
მასალის გამოყენების პირობები