რუბრიკები
სოციალური მედიის ტრენინგი „ათინათში“ (ვიდეო)
ასოციაციაში "ათინათი" სოციალური მედიის შესახებ და მის მნიშვნელობაზე ორ დღიანი ტრენინგი ჩატარდა. მას სამეგრელოს რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეები ესწრებოდნენ, რომლებიც სამოქალაქო განათლების პროგრამაში - "მომავლის თაობა" არიან ჩართულნი. ტრენინგი თბილისიდან მოწვეულმა სპეციალისტებმა ჩაატარეს. „ტრენინგი ორი ნაწილისგან შედგებოდა. თეორიულ ნაწილში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ რა არის ზოგადად სოციალური მედია.  ასევე, გაიგეს, თუ როგორ იყენებენ მოქალაქეები სოციალურ მედიას სამოქალაქო მონაწილეობისთვის. პრაქტიკულ ნაწილში ისწავლეს ბლოგების შექმნა და მასზე მუშაობა“, - თქვა სოციალური მედიის კოორდინატორმა თამარ გელაშვილმა. პროგრამა „მომავლის თაობა“ საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს და 480 სკოლას უწევს დახმარებას სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით. პროგრამის ფარგლებში, სკოლებმა მიიღეს დამხმარე სახელმძღვანელოები, გადამზადნენ სამოქალაქო განათლების პედაგოგები, სკოლებში დაარსდა სასკოლო სამოქალაქო კლუბები და სხვ. სამოქალაქო განათლების პროგრამა ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
Print