ყოფილი დეპუტატი თენგიზ ჯგუშია ამ დროისთვის დაკავებულია, - ამის შესახებ რადიო "ათინათს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა. მისივე განმარტებით, მოგვიანებით გახდება ცნობილი თუ რა მოხლით წარედგინება ყოფილ დეპუტატს ბრალდება.
ჯგუშიამ, სავარაუდოდ, ზუგდიდის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს მერაბ ქვარაიას გუშინ, 8 აგვისტოს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
არსებული ინფორმაციით, ქვარაია და ჯგუშია სუფრაზე ერთად სოფელ რიყეში იმყოფებოდნენ. მოგვიანებით კი მათ ნასვამ მდგომარეობაში ერთმანეთს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რასაც ჯგუშიას მხრიდან გასროლა მოჰყვა. მერაბ ქვარაიას დაზიანებები არ მიუღია.
სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან იარაღის მასრებიც ამოიღეს.
მასალის გამოყენების პირობები