დღეს, 12 აგვისტოს, "ცოტნეობის" დღესასწაულთან დაკავშირებით ზუგდიდში სხვადასხვა სახის ღონისძიებებია დაგეგმილი.
11:00 სთ-ზე, ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში ცოტნე დადიანის სახელზე პარაკლისი აღევლინა.
12:00 სთ-ზე ტაძრიდან ზუგდიდის ცენტრალური ბულვარის გასწვრივ საზეიმო მსვლელობა გაიმართება.
13:30 სთ-ზე, გრიგოლ აბაშიძის რომანის "ცოტნე ანუ ქართველთა ამაღლება და დაცემა" საჯარო კითხვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მოეწყობა.
ფოტოგამოფენა "ზუგდიდელებნი", ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენას ზუგდიდის არტ-გალერეა 14:30 სთ-ზე უმასპინზლებს.
"ცოტნეობის" დღესასწაული 18:00 სთ: დასკვნითი ღონისძიებით დასრულდება- კონცერტი შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება. მასში მონაწილეობას ტარიელ ხარხელაური, გუჯა ბურდული, გელა დაიაური, თამუნა ალადაშვილი, ანი მალაზონია, ომარ ქუცნაშვილი, გიორგი ფარეშიშვილი, ერეკლე საღლიანი და სხვა საპატიო სტუმრები ადგილობრივ ანსამბლებთან "ოდოია", "ჩელა", "ცისკართან" ერთად მიიღებენ.
ცოტნე დადიანი, 1260 წელს დაიბადა და XIII საუკუნის I ნახევარში საქართველოს დიდგვაროვანი ფეოდალი იყო. უმეფობის ხანაში მონღოლებმა რაჭის ერისთავთან ერთად დასავლეთ საქართველოს გამგებლად დანიშნეს.
1245 წელს მონაწილეობდა კოხტათავის შეთქმულებაში, რომლის მიზანი იყო მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყების მოწყობა. მონღოლებმა შეთქმულების მონაწილენი დააპატიმრეს და ანისში მონღოლთა ნოინს მიჰგვარეს. გამოტეხის მიზნით, ისინი მცხუნვარე მზეზე დასხეს. ცოტნე დადიანი შემთხვევით გადაურჩა დაპატიმრებას (აჯანყებისთვის ჯარს აგროვებდა დასავლეთ საქართველოში). ჟამთააღმწერლის ცნობით, როდესაც დადიანმა შეთქმულების მონაწილეთა ამბავი გაიგო, ანისში ჩავიდა და ნებაყოფლობით გაიზიარა თანამებრძოლეების ხვედრი - ტანზე გაიხადა და მეგობრებთან ერთად დაჯდა. ცოტნე დადიანის გმირულმა საქციელმა მონღოლები დაარწმუნა ქართველთა სიმართლეში და ყველანი გაათავისუფლეს.
1999 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა ცოტნე დადიანი წმინდანად შერაცხა. ამასთანავე, აღინიშნება ცოტნე დადიანის ხსენების დღე - 30 ივლისი (ძვ. სტ.). იგი მშობლებთან ერთად გამოსახულია ხობის ეკლესიის უძველეს ფრესკაზე.
მასალის გამოყენების პირობები