დღეს, 12 აგვისტოს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი სენაკის რაიონის სოფელ, ნოქალაქევში წარადგინა.
ბიძინა ივანიშვილის თქმით საქართველოს მარგველაშვილის სახით ეყოლება ევროპელი და ინტელიგენტი პრეზიდენტი. „ევროპული ფასეულობები უნდა დაინერგოს რეალურად და არა ფასადურად, ნებისმიერი ინატრებდა მსგავს პრეზიდენტს, როგორიც საქართველოს ეყოლება. ჩვენს ამომრჩეველს კიდევ ერთხელ მინდა წარვუდგინო "ქართული ოცნების" საპრეზიდენო კანდიდატი, გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ჩვენი საზოგადოების ღირსეული წარმომადგენელია და ევროპული ყაიდის ლიდერია. ვარღვევთ წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრებულ სტერეოტიპს, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ზე-კაცია, რომელიც ყველაფერს ჩვენს მაგივრად გადაწყვეტს. ევროპაში ეს ასე არ არის. უნდა დავამსხვრიოთ ეს მახინჯი სტერეოტიპი. ქვეყნის პრეზიდენტად უნდა ავირჩიოთ ნამდვილად ევროპულად მოაზროვნე ადამიანი, რაც დაამთავრებს საქართველოში ერთი კაცის ჭკუაზე ქვეყნის მართვას, ერთი კაცის იმედად ყოფნას და ყველას დაანახებს, რომ ჩვენც შეგვიძლია დემოკრატიული პრინციპებით აზროვნება და სახელმწიფოს შენება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა პრემიერ მინისტრს და კოალიციას გამოცხადებული ნდობისთვის და აღნიშნა, რომ ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბოლომდე იბრძოლბს.
"აქედან დაიწყო საქართველოს მშენებლობა, როდესაც ქუჯი ერისთავმა თანხმობის ხელი გაუწოდა ფარნავაზს, სწორედ ამით შეიქმნა ის ქვეყანა, რომელსაც ჩვენ ვაგრძელებთ და გავაგრძელებთ საუკუნეები. როდესაც ასეთ მიწაზე დგახარ შეუძლებლია არ იგრძნო შენი ვალდებულება, რომ შენც ბევრი გაქვს გასაკეთებელი", – აღნიშნა მარგველაშვილმა.
მისივე განმარტებით, ცხრა თვის განმავლობაში ბევრი ფერმერის ნაკვეთი იქნა მიხედილი, მათ მიეცათ 500-ლარიანი ვაუჩერი.
პრეზიდენტობის კანდიდატი პირობას დებს, რომ საქართველო იქნება პოლიტიკურად სტაბილური და ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა.
"ეს არის ქვაკუთხედი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა. ევროპისკენ სწრაფვა, დემოკრატიული ღირებულებები, ეს არის ქართველი ერის გადაწყვეტილება და ჩვენ ამ კურსის ერთგული ვრჩებით. ის კლიშე, თითქოს არ შეიძლება ევროპისკენ წასვლა, თუ რუსეთთან არ არის დაძაბულობა, ეს კლიშე შევცვალეთ. რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაცია დავიწყეთ. ეს გაგრძელდება მომავალში. საქართველოს სჭირდება სტაბილური და მდგრადი პოლიტიკა", – აღნიშნავს მარგველაშვილი.
„ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის თავმჯომარედ დეპუტატი დავით საგანელიძე დაინიშნა, საგანელიძემ აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია მარვეგლაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობა.
ნოქალაქევში ასევე იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯომარე დავით უსუფაშვილი, სხვა საოპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები და სახელმწიფოს მინისტრები.
ისინი საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ თავიანთ პოზიციას მედიასთან საუბარში აფიქსირებდნენ.
მასალის გამოყენების პირობები