თაიას საბავშვო ბაღის შენობისგან დღეს მხოლოდ საძირკველია დარჩენილი, ბაღი კი ყოფილი „სოფლის საბჭოს“ შენობის პირველ სართულზეა განთავსებული, რომელიც ასევე სრულ განახლებას საჭიროებს: დაზიანებულია კედლები, იატაკი ბეტონისაა, მოშლილია ჭერი და სახურავი, წვიმის დროს წყალი აღწევს ოთახებში, არ იღება ფანჯრები და შეუძლებელია ოთახის განიავება.
შესაბამისი ფართის უქონლობის გამო, ბაღი მხოლოდ 15 ბავშვზეა გათვლილი, ეს იმ პირობებში, როდესაც სოფელში სკოლამდელი ასაკის 45 ბავშვი ცხოვრობს.
საბავშვო ბაღს არ აქვს საკმარისი ინვენტარი (სკამები, მერხები, კარადები სათამაშოები), ბაღს ცივ ამინდებში შეშის ღუმელით ათბობენ, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ ათბობს ოთახს და ხშირია გაციებით გამოწვეული სხვადასხვა ვირუსული დაავადების შემთხვევები. მძიმეა ბაღის სამზარეულოს ჰიგიენური მდგომარეობა, რომელიც ძირითადი ოთახისაგან ნახევრად ღია ფიცრული კედლითაა გამოყოფილი. საკმარისი ინვენტარის უქონლობის გამო სადილის დროს ბავშვებს მორიგეობით უწევთ მაგიდასთან დასხდომა.
საბავშვო ბაღს არ მიეწოდება წყალი, საპირფარეშო კი მოშორებით ეზოში მდებარეობს, რომლითაც სოფლის გამგეობის თანამშრომლებიც სარგებლობენ. საპირფარეშოს სანიტარულ-ჰიგიენური მდგომაროება კი უმძიმესია. საპირფარეშომდე მისასვლელი ბილიკიც კი მოუწესრიგებელია. სოფელში მოუწესრიგებელია შიდა გზები შესაბამისად წვიმიან და ცივ ამინდებში ბაღი დახურულია და არ ფუნქციონირებს.[gallery link="file" columns="4"] სოფლის რწმუნებულის პოლერი მორგოშიას თქმით ბაღში არსებული გარემო საშიშია როგორც აღსაზრდელის, ასევე აღმზრდელებისთვის. მიმდინარე წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ბაღისათვის 3491 ლარია გამოყოფილი, თუმცა რა კონკრეტული სამუშაოები შესრულდება ამ თანხით ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილება მიღებული.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის „საბაზისო განათლების და კომპლექსური სასპორტო სკოლის გაერთიანების“ ხელძღვანელმა ბადრი ქებურიამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლეთან საუბრისას განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტს არ აქვს არანაირი რესურსი ბაღის გასარემონტებლად, მისი თქმით იდენტური სიტუაციაა სხვა სოფლის ბაღებშიც.
მიმდინარე წლის ივლისში ცვლილებები და დამატებები იქნა შეტანილი „ადგილობრივ თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში“, რომლის თანახმადაც 1 სექტემბრიდან თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ძირითად სასწავლო-აღმზრდელობითი და კვებითი მომსახურებისთვის გადასახადის, ტარიფის ან რაიმე სხვა საფასურის შემოღება აკრძალულია (ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონი, მუხლი 462, , პუნქტი 1). ცვლილება ძალაში 2013 წლის პირველი სექტემბრიდან შედის.
ამ ცვლილების განხორციელების შემდგომ მუნიციპალურ საბავშვო ბაღები მუნიციპალიტეტებმა სრულად, საკუთარი ბიუჯეტით უნდა დააფინანსონ. მწირი საბიუჯეტო რესურსების პირობებში, ბაღების დაფინანსების გაზრდა ნაკლებად შესაძლებელია, შესაბამისად გაურკვეველია თუ როგორ მოახდენენ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები ამ თანხების აკუმულირებას. საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნება – რესპუბლიკელები“ თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ხიდაშელმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელთან საუბრისას განაცხადა, რომ „შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში თვითმმართველი ერთეულები მიიღებენ გათანაბრებით ტრანსფერს“ რაც ბაღებში გადასახადის გაუქმებით (რომელსაც მშობლები იხდიდნენ) გამოწვეული ფინანსური დანაკლისის შევსებას უნდა მოხმარდეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად ყველა საბავშვო ბაღი “უზრუნველყოფილი უნდა იყოს მაღალხარისხიანი სასმელი წყლით, აგრეთვე, ცხელი წყლით, გათბობისა და ვენტილაციის სისტემებით“ (ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონი, მუხლი 462, პუნქტი მე-3, “დ” ქვეპუნქტი). ამ პირობებში, ვფიქრობთ, აუცილებელია, რომ მთავრობის მიერ მოძიებულ იქნას რესურსები საქართველოში არსებული მუნიციპალური ბაღების ეტაპობრივი რეაბილიტაციისათვის, რადგანაც სკოლამდელი აღზრდა უმნიშვნელოვანეს საფუძველს წარმოადგენს ბავშვის შემდგომი განვითარებისთვის და განათლებისათვის.
აღსანიშნავია, რომ სოფელი თაია არ არის ერთადერთი, სადაც ბაღის საბაზისო პირობები უკიდურესად მძიმეა. იდენტური მდგომარეობა სხვა მუნიციპალიტეტების საბავშვო ბაღებშიც. გარდა ამისა, მუნიციპალური ბაღების უმეტესობაში არ არსებობს ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სრულყოფილი შეღწევადობისათვის.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიიჩნევს, რომ სახელწიფო კომპლექსურად უნდა ზრუნავდეს ბაღებში არსებული მდგომარეობის გამოსწორებაზე. მნიშვნელოვანია, რომ მშობლები თავისუფლდებიან ე.წ. დანამატის გადასახადისაგან, თუმცა ამავდროულად აუცილებელია ბაღების ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაც.
თითოეულ საბავშვო ბაღში უნდა მოხდეს არსებული სიტუაციის სიღრმისეული შესწავლა, პრობლემის იდენტიფიცირება და მათი კლასიფიკაცია. მნიშვნელოვანია, რომ სკოლამდელი განათლება სრულ შესაბამისობაში იყოს დაწყებითი-საბაზო-საშუალო და უმაღლეს განათლებასთან. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის სისტემის იმდაგვარი ჩამოყალიბება, რომ შესაძლებელი იყოს ბავშვის განვითარების ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით ბავშვის გონებრივი და ფიზიკური განმტკიცება და ბავშვის ორგანიზმის ფუნქციური შესაძლებლობების სრულყოფა.
წყარო:http://transparency.ge/
მასალის გამოყენების პირობები