სოფელ ჭითაწყარში, მშვიდობის ქუჩაზე, ე.წ. მეფრინველეობის დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობა საცხოვრებელი კორპუსების ავარიულობაზე, წყალმომარაგების სისტემის და კანალიზაციისა მოუწესრიგებლობის პრობლემაზე საუბრობს.
მშვიდობის ქუჩის მაცხოვრებლები რადიო „ათინათთან“ საუბარში აცხადებენ, რომ გაუსაძლის ანტისანიტარულ მდგომარეობაში უხდებათ ცხოვრება. ისინი კორპუსების ახლოს მდებარე ე.წ ყოფილი „კლუბის“ შენობის აღებას ითხოვენ, რომელიც მათივე განმარტებით ავარიულია და ანტისანიტარიის ბუდედ არის ქცეული.
ადგილობრივების თქმით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას არაერთხელ მიმართეს, გამგეობაში პასუხობენ, რომ „ ე.წ. კლუბის შენობა კერძო საკუთრებაშია, ამიტომ გამგეობის სამსახურს მისი აღების უფლება არ აქვს.“
მოსახლეობა ასევე საკანალიზაციო სისიტემის პრობლემის მოგვარებას ითხოვს. ისინი აღნიშნავენ, რომ გამგეობის მიერ ერთი წლის წინ დაწყებული მილების შეცვლის პროცესი დასრულებული არ არის, რის გამოც კორპუსების სარდაფებში წყალი გროვდება და სხვადასხვა პრობლემებს ქმნის, წყალი კორპუსების სარდაფში ახლაც დგას, თანაც საკმოდ დიდი ოდენობით.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ უკანასკნელად წყალი ერთი წლის წინ ამოიტუმბა.
რადიო „ათინათმა“ მშვიდობის ქუჩის მაცხოვრებელთა პრობლემების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს, გიორგი თოდუას მიმართა .
გიორგი თოდუამ ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ „კლუბის“ შენობა მუნიციპალურ საკუთრებაში არ არის, ამიტომ მისი აღების და დასუფთავების უფლება ამ ეტაპზე გამგეობას არ აქვს.
რაც შეეხება საკანალიზაციო მილებს თოდუა აღნიშნავს, რომ მისი ინფორმაციით მილების გამოცვლის პროცესი დასრულებულია, რის შემდეგაც ადგილობრივ მოსახლეობას უნდა შეექმნა „ამხანაგობა“ და ჩაებარებინა პროექტი. გიორგი თოდუა აცხადებს, რომ ადგილზე ამხანაგობა ჯერაც არ შექმნილა.
რაც შეეხება სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვის საკითხს, გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი განმარტავს, რომ ამ საკითხზე მათ მიერ დაქირავებული ექსპერტები იმუშავებენ და პრობლემას ძირფესვიანად შეისწავლიან, რადგან წყლის ერთჯერადად ამოტუმბვა პრობლემას ვერ გადაწყვეტს.
მისივე განცხდებით ადგილზე უახლოეს მომავალში ორი სტადიონი აშენდება.
მოსახლეობის პრობლემაზე რადიო „ათიათი“ ჭითაწყარის რწმუნებულს ნიაზ ქვარაიასაც ესაუბრა, მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ კანალიზაციის პრობლემა ადგილზე მართლაც არსებობს და პრობლემის გადასაწყვეტად მუშაობა მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები