მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, გათავისუფლებულები, მაია სორდია და სოფიო კვარაცხელია სამსახურში ბრუნდებიან. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ მაია სორდიამ განუცხადა. მისივე განმარტებით, მესტიის გამგეობასა და გათავისუფლებულებს შორის მორიგება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გუშინ, 16 აგვისტოს შედგა.
„მესტიის გამგეობის წარმომადგენელმა შემოგვთავაზა მორიგება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩვენ ერთ კვირაში უნდა დავიწყოთ მუშაობა. თუმცა სხვა თანამდებობაზე და ნახევარ განაკვეთზე“, - აცხადებს მაია სორდია.
გათავისუფლებულებსა და უწყებას შორის მორიგების შესახებ ინფიორმაციას მესტიის გამგეობაშიც ადასტურებენ.
„დიახ, მორიგება შედგა და უახლოეს მომავალში გაიგებთ ყველაფერს,“ - განუცხადა რადიო „ათინათს“ მესტიის გამგეობის იურიდული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან ხაჭვანმა.
ცნობისთვის, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის ყოფილი უფროსი მაია სორდია და შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტი სოფიო კვარაცხელია დაკავებული თანამდებობიდან, მესტიის ახალი გამგებლის კაპიტონ ჯორჟოლიანის ბრძანების საფუძველზე გაათავისუფლეს. ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, თანამშრომლების გათავისუფლება რეორგანიზაციის საფუძველზე მოხდა. თუმცა გათავისუფლებულები აცხადებდნენ, რომ ისინი საჯარო უწყებიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.
ზუგდიდის რაიონულმა სასამათლომ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლებულების შესახებ ბრძანება ბათილად ცნო. გათავისუფლებულების საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მესტიის გამგეობამ გაასაჩივრა.
ასევე, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელს, კაპიტონ ჟორჟოლიანს საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა რეკომენდაციით მიმართა, რათა შეესწავლა მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა თანამდებობებიდან გათავისუფლების კანონიერების საკითხი. ომბუდსმენი ჟორჯოლიანისგან კანონიერი გადაწყვეტილების მიღებას ითხოვდა. სახალხო დამცველის რეკომენდაციაში ასევე, ნათქვამი იყო, რომ საჯარო მოხელეების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული უფლებები დაირღვა.
მასალის გამოყენების პირობები