ზუგდიდში, პრეზიდენტის რეზიდენციასთან წუხელ დაწყებული საპროტესტო აქცია დღესაც გრძელდება. აქციას ორგანიზაცია "დაიცავი საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი კახა მიქაია თავის თანამოაზრეებთან ერთად მართავს.
აქციის მონაწილეები პრეზიდენტის ზუგდიდში ყოფნას აპროტესტებენ. კახა მიქაიას განცხადებით, სააკაშვილს არა აქვს მორალური უფლება, სამეგრელოში იმყოფებოდეს, ამიტომ ის პრეზიდენტს მოუწოდებს რეგიონი დატოვოს.
კახა მიქაია აცხადებს, რომ უკვე შექმნილი აქვთ სპეციალური მობილური ჯგუფები, რომლებიც პრეზიდენტის გადაადგილების შესახებ "დაიცავი საქართველოს" წევრებს დეტალურ ინფორმაციას აწვდიან. მისივე თქმით, როგორც კი პრეზიდენტი სამეგრელოში ჩავა, მყისიერად მოახდენს რეაგირებას და საპროტესტო აქციებს გამართავს.
ამასთან, აქციის ორგანიზატორებმა წუხელ რეზიდენციასთან მიიტანეს სპეციალური აპარატურა და მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა სახის მუსიკალური კლიპების ჩვენება მოეწყო. ძირითადად ნაჩვენები იყო”უცნობის” კლიპები.
პრეზიდენტის ზუგდიდის რეზიდენციასთან მობილიზებულია პოლიცია.
მასალის გამოყენების პირობები