საქართველოში ფისკალური დეცენტრალიზაციის შესახებ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია დღეს, 24 აგვისტოს ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.
„კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის“ მიერ 2013 წლის მაის-ივნისში განხორციელებული კვლევის მიზანი ფინანსური დეცენტრალიზაციის ხარისხის შფასება იყო. პროცესში გაანალიზდა, როგორც ეროვნული მასშტაბით მონაცემები, ასევე მოიცვა სამიზნე მუნიციპალიტეტები: დმანისი, მარტვილი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი და ქუთაისი.
კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ თვითმმართველობებს არ გააჩნიათ საკმარისი, საკუთარი ფინანსური რესურსები, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობებში ჯამურად, ერთ სულ მოსახლეზე საბიუჯეტო შემოსულობების გადანაწილება ხუთჯერ ნაკლებია ვიდრე ცენტრალური ბიუჯეტის ანალოგიური მაჩვენებელი, ასევე კლებითი ხასიათისაა საბიუჯეტო შემოსულობები (2009-2013წწ)-ში.
კვლევის პერიოდში გაანალიზებული იქნა ევროპის ქვეყნების (ესტონეთი, ლატვია, ლიტვა) საბიუჯეტო მოწყობა.
კვლევამ გვიჩვენა, რომ არსებული საფინანსო სისტემის პირობებში ადგილობრივი თვითმმართველობა არ არის ფინანსურად დამოუკიდებელი და მისი უფლებები შეზღუდულია.
„კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის“ ექსპერტ- ანალიტიკოს ოთარ კვიკვაძის განცხადებით „კვლევის პროცესში გამოვლინდა, რომ მუნიციპალური დეცენტრალიზაციის ხარისხი საქართველოში ძალიან დაბალია.“
მან ასევე განაცხადა, რომ ორგანიზაციის მიერ მომზადდა რეკომენდაციები, რომელიც ფისკალური დეცენტრალიზაციის სტატეგიის მომზადებას, ქონების გადასახადში არსებული შეღავათების გადახედვას,მოსაკრებლის შესახებ კანონის გადახედვას და თვითმმართველობებისთვის მეტი თავისუფლების მინიჭებას გულისხმობს.
რეკომენდაციები განსახილველად პარლამენტს წარედგინება.
მასალის გამოყენების პირობები