დღეს, 30 აგვისტოს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია „ქსენონის“ ორგანიზატორობითა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაცისა და ფონდ "მოლოდინის“ თანაორგანიზებით დღევანდელი დღის აღსანიშნავად ზუგდიდში ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების მიზანი საქართველოში საომარი მოქმედებების დროს უგზო–უკვლოდ დაკარგულ პირთა ხსოვნის უკვდავყოფა და მათი ოჯახების მხარდაჭერა იყო.
შეხვედრა ასევე მიზნად ისახავდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას იმ შედეგების შესახებ, რაც ადამიანის გაუჩინარებას ოჯახებისთვის მოაქვს.
1991–1992 წლების ქართულ–ოსური, 1992–1993 წლების ქართულ–აფხაზური და 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად, საქართველოში 2000 მეტი ადამიანი ითვლება უგზო–უკვლოდ დაკარგულად მათდამი მიძღვნილი ღონისძიებები დღეს საქართველოს რამდენიმე ქალაქში ერთდროულად 15:00 საათზე გიმართა. ღონისძიებების დასასრულს, 17:00 საათზე კი უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.
ასოციაცია „ქსენონის“ წარმომადგენლის ნინო ჯანაშიას განცხადებით დღევანდელი ღონისძიება არის იმის გამოხატულება რომ ხალხს ახსოვს ომში დაკარგული ადამიანები, დღემდე ელოდება მათ და უთანაგრძნობს მათ ოჯახებს.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მაია ქარდავა აღნიშნავს, რომ ღონისძიების მიზანი ამ ადამიანების ოჯახების მიმართ თანაგრძნობის გამოხატვაა: „მე მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ამ ადამინებს ეყოფათ მხნეობა, გაუმკლვადნენ იმ რეალობას, რომელსაც მათთვის ქმნის ის ფაქტი, რომ მათი საყვარელი ადამიანი უგზო-უკვლოდ არის დაკარგული“. - აღნიშნა მაია ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები