ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში არქეოლოგიური გათხრები რამდენიმე დღეში დაიწყება. ერგეტაში კოლხურ სამაროვანებს (დასაკრძალავი მოედნები ან ცალკეული კოლექტიური სამარხები ) ქართველი არქეოლოგები, რევაზ პაპუაშვილი, ნანა პაპუაშვილი, ბეჟან აკობია და ნინო ქობალია შეისწავლიან. ისინი ერგეტაში უკვე იმყოფებობდენ და გათხრების დაწყებამდე, წინა მოსამზადებელი სამუშაოები ჩაატარეს.
სოფელ ერგეტაში არქეოლოგიური გათხრები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით ხორციელდება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20 ათასი ლარი გამოიყო. გამგეობის მიერ, აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად, გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ ერთმა პრედენდენტმა, ინდივიდუალურ მეწარმემ ელდარ იზორიამ მიიღო მონაწილეობა და შესაბამისად გამარჯვებულიც ის გახდა.
ზუგდიდის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსის ლაშა ჯიქიას განმარტებით, კოლხური სამაროვანი, რომლის შესწავლა ამჟამად არის დაგეგმილი, კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზეა მოქცეული.
„ ეს ტერიტორია შპს „ჯორჯექსის“ საკუთრებაშია, თუმცა მოლაპარაკების შედეგად მივიღეთ ნებართვა, რომ იქ არქეოლოგიური სამუშაოები ჩაგვეტარებინა. ეს სამაროვანი ასევე მოქცეულია სადრენაჟორო არხებს შორის და შესაძლებელია ის განადგურებულიყო. აქედან გამომდინარე ზუგდიდის გამგეობამ კულტურული მემკვიდრეობს ეროვნულ სააგენტოში წარუდგინა პროექტი, რის საფუზველზე მივიღეთ სპეციალური ლიცენზია“,- აღნიშნა რადიო „ათინათთან“ საუბარში ლაშა ჯიქიამ.
ელდარ იზორიას განმარტებით, გათხრებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია და დაახლოებით ერთ კვირაში არქეოლოგიური გათხრებისთვის ტერიტორია მზად იქნება.
„არქეოლოგები იყვნენ რამდენიმე დღის წინ და დაგვიტოვეს ინსტუქცია თუ როგორ უნდა მოვამზადოთ ტერიტორია. წყალიც არის ამოსატუმბი და მოსამზადებლად დაახლოებით ერთი კვირა დაგვჭირდება. როგორც კი დავამთავრებთ სამუშაოებს არქეოლოგებიც ჩამოვლენ“, - ამბობს ელდარ იზორია.
ცნობისთვის, ერგეტასა და მის ახლომახლო ტერიტორიაზე გამოვლენილია გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის ოთხი სამაროვანი და ათეულობით ნამოსახლარი. აქ ასევე დაფიქსირებულია ცალკეული განძების აღმოჩენის ფაქტებიც, რომლებიც უპირატესად ბრინჯაოს ზოდებისა და მონეტების (ე.წ. კოლხური თეთრი) სახითაა ცნობილი. აღნიშნულ ძეგლთა ქრონოლოგიური დიაპაზონი, ზოგადად ძვ. წ. III ათასწლეულის დასასრულითა და ძვ. წ. I ათასწლეულის უკანასკნელი საუკუნეებით განისაზღვრება.
ერგეტაში ინტესიური საველე-კვლევითი სამუშაოები 1978-1991 წლებში მიმდინარეობდა. 90-იან წლებში რთული პოლიტიკური სიტუაციის გამო საველე
სამუშაოები შეჩერდა და 1997 წელს შემცირებული მასშტაბით განახლდა. არქეოლოგიური გათხრები კი გარკვეული შუალედებით, შვიდი წელი (1980-1982, 1997-1998, 2002-2003 წწ.) მიმდინარეობდა.
მასალის გამოყენების პირობები