შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცრუ შეტყობინებების ავტორები უკვე გამოავლინა და დააკავა. უწყების ინფორმაციით, გამოვლენილია, როგორც პარლამენტის შენობაში ნაღმის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინების ავტორი , ისე "პროკრედიტ ბანკთან" დაკავშირებით ცრუ შეტყობინების ავტორი.
"შსს-ის იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში შესული ცრუ შეტყობინების ავტორი გამოავლინეს. ანონიმური სატელეფონო ზარის ავტორი, რომელიც ბომბის არსებობას ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტის შენობაში იტყობინებოდა, აბაშაში მცხოვრები 1994 წელს დაბადებული ოთარ ჯ. აღმოჩნდა. მან 112-ში ცრუ შეტყობინება 16 სექტემბერს, 14:38 საათზე განახორციელა. შეტყობინებისთანავე საკანონმდებლო ორგანოში შსს-ს შესაბამისი სამსახურები გამოცხადდნენ, რომლებმაც შენობაში მყოფი მოქალაქეები ევაკუაცია განახორციელეს. ჩატარებული განაღმვითი სამუშაოების შედეგად შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა. გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობის ფაქტზე დაიწყო სსსკ–ის 331-ე მუხლის 1–ლი ნაწილით, რაც 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს", - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რაც შეეხება "პროკრედიტ ბანკთან" დაკავშირებით განხორციელებული ცრუ შეტყობინების ავტორს, უწყების ცნობით, მას სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
"შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად 1967 წელს დაბადებული ნოდარ ა. ცრუ შეტყობინების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში დარეკა და ხაშურში "პროკრედიტ ბანკში" ნაღმის არსებობის შესახებ აცნობა. სამართალდამცველები შეტყობინებისთანავე გამოცხადდნენ ადგილზე. შესაბამისი წესების დაცვით შსს-ს გამნაღმველთა სამსახურმა და კინოლოგებმა იმუშავეს, რის შედეგადაც გაირკვა, რომ განგაში ცრუ იყო და შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა არ დადასტურდა. სამართალდამცველებმა ცრუ შეტყობინების ავტორის ვინაობა დაადგინეს და ზარის განხორციელებიდან რამდენიმე საათში დააკავეს. გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე სსსკ-ს 331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - განმარტავენ შსს-ში.
მასალის გამოყენების პირობები