პარტია “თავისუფალი საქართველო", რომლის ბიურო ახლახანს ზუგდიდში გაიხსნა, სამეგრელოს მასშტაბით იწყებს იმ ადამიანების რეგისტრაციას, რომლებსაც 92–93 წლებში საქართველოში მაშინ არსებულმა უკანონო შეიარაღებულმა დაჯგუფებამ “მხედრიონი“ მატერიალური ზიანი მიაყენა.
„მხედრიონის“მიერ გადამწვარი და გაძარცვული სახლები–ზუგდიდის რაიონის სოფლებში დღესაც ისე გამოიყურება, როგორც ეს 19 წლის წინ იყო.
1993 წლის 16 ნოემბერს „მხედრიონმა“ სოფელ დარჩელში 27 საცხოვრებელი სახლი გაძარცვა და გადაბუგა. დაზარალებულ ადამიანებს დღემდე კომპენსაციის თანხა არ მიუღიათ.
სოფელი–დარჩელი კლასიკური მაგალითია ამ ფაქტის, თუმცა, სამეგრელოს მასშტაბით ბევრი დაზარალებული ადამიანი ცხოვრობს.
ამ კატეგორიის ადამიანებისთვის კანონი საქართველოს პარლამენტში 2005 წლიდან მოქმედებს–აცხადებს პარტია „თავისუფალი საქართველოსთვის“ ლიდერი კახა კუკავა, რომლის თქმით ყველა დაზარალებულ ადამიანს ეკუთვნის ფინანსური და მატერიალური კომპენსაცია.
ზუგდიდის პარტიის ოფისში კი უზრუნველყოფენ,რომ ამ კატეგორიის ადამიანებმა მიიღონ სამართლებრივი დახმარება. ამავდროულად დაეხმარონ მათ შესაბამისი საბუთების მოგროვებაში, რომ მოხდეს პირის დაზარალებულად ცნობა. ამ მომსახურებას კი პარტიის ოფისში ამ ადამიანებს უსასყიდლოდ გაუწევენ.
პარტიის ადგილობრივი ბიუროს ხელმძღვანელი დემურ ანთია რადიო „ათინათთან“აცხადებს, რომ პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს პირველ რიგში სოფელ დარჩელის მოსახლეობას, მათ უნდა მიიღონ მატერიალური და ფინანსური დახმარება, რომელიც წლებია ჭიანურდება.
დარჩელის გამგეობის მთავარი სპეციალისტი რადიო “ათინათთან“ აღნიშნავს, რომ სოფლის დაზარალებული ადამიანები წლების წინ გარკვეულ თანხას რებულობდნენ სახელმწიფოსგან, თუმცა თანხის ოდენობა მას არ დაუკონკრეტებია.
ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი ადამიანია სამეგრელოში 90–იან წლებში დაზარალებული არ არსებობს.
ავტორი: თეა შონია
მასალის გამოყენების პირობები