„ახალი მემარჯვენეების“ ლანჩხუთის რაიონის ორგანიზაციის თავმჯდომარე და ლანჩხუთის რაიონის საკრებულოს წევრი დავით წულაძე რაიონში ამერიკული თეთრი პეპელას წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს გამოეხმაურა. ამ საკითხზე „მემარჯვენეების“ ლანჩხუთის რაიონის ორგანიზაციის თავმჯდომარემ დღეს საკრებულოს სხდომაზე აღნიშნული საკითხი დააყენა და ბრიფინგიც გამართა.
„მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება რაიონში შეწამვლით სამუშაოებს უკვე ატარებს, ამ ღონისძიებას ძალიან ფრაგმენტული ხასიათი და მასშტაბები აქვს. შესაბამისად, მოსალოდნელი შედეგიც მინიმალურია. მაგალითად სოფელ ნიგვზიანში და მის მიმდებარე სოფლებში ამერიკულმა პეპელამ დღეისათვის უკვე მთლიანად გაანადგურა ნათესები და ხეების მწვანე საფარი. ამ სოფლებისთვის შეწამვლითი სამუშაოების განხორციელებას დღეს უკვე აზრი აღარ აქვს, უკვე დაგვიანებულია და ადამიანები შემოდგომაზე მინიმალური მოსავლის გარეშე იქნებიან დარჩენილნი“ – განაცხადა დავით წულაძემ.
„ახალი მემარჯვენეები“ გადამჭრელი ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ ხელისუფლებას, რათა ამერიკული თეთრი პეპელას წინააღმდეგ მიმართული კამპანია უფრო აქტიური და უფრო მასობრივი გახდეს, შესაბამისად განხორციელებული კამპანიის შედეგი ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული იყოს.
მასალის გამოყენების პირობები