ძლიერი შტორმის გამო, ფოთის პორტი გემების მიღებას მეოთხე დღეა, ვერ ახერხებს, - ამის შესახებ ინფორმაცია ფოთის პორტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა , მარი ნადარაიამ დაადასტურა.
მისი განმარტებით, უამინდობის შედეგად, გასული დღეების განმავლობაში ფოთის სანაპიროზე ძლიერი შტორმი ფიქსირდებოდა, რის გამოც, გემების მიღება-გაშვება შეჩერებულია. ნადარაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის ზღვაზე 4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება.
ფოთის პორტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში ნავმისადგომზე არსებული გემების გადმოტვირთვა-ჩატვირთვა მიმდინარეობდა, თუმცა რეიდზე მყოფი გემების მიღება შეჩერდა.
მარი ნადარაიას ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მონაცემების მიხედვით, დღის ბოლოს ამინდის გაუმჯობესებაა მოსალოდნელი, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, გემების მიღება-გაშვება შესაძლებელი გახდება.
მისივე ცნობით, ამ დროისთვის, რეიდზე 15 გემი დგას, რომლებიც შტორმის გამო ფოთის პორტში შესვლას ვერ ახერხებენ.
მასალის გამოყენების პირობები