ფესტივალი "არტ-გენი 2012" დღეს, კახეთში, ილიას ტბაზე გაიხსნება. საფესტივალო რეგიონული ტური საქართველოს კიდევ რამდენიმე ქალაქს - ზუგდიდს, წყალტუბოს, ჩოხატაურსა და ფოთს მოიცავს.
მათივე ინფორმაციით, 21 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით "არტ-გენის" შემაჯამებელი 9 დღიანი დასკვნითი ნაწილი ტრადიციულად თბილისში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ღია ცის ქვეშ გაიმართება.
წლევანდელი ფესტივალის თემაა - "გაუფრთხილდი ოჯახს", რაც ყველა ღირებული ოჯახური ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გაფრთხილებასა და თაობიდან თაობაზე გადაცემას გულისხმობს.
ფესტივალზე წარმოდგენილნი იქნებიან როგორც ხალხური სიმღერის, ინსტრუმენტალური მუსიკის, ქორეოგრაფიის, ზეპირსიტყვიერებისა და რეწვის ოსტატები საქართველოს ყველა კუთხიდან, ასევე საქართველოში მოღვაწე ეროვნული უმცირესობები, სტუმრები კავკასიიდან, ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან (ლიტვა, საფრანგეთი, პოლონეთი, შოტლანდია, ინგლისი და სხვ.), ასევე აფრიკიდან და მადაგასკარიდან.
ფესტივალი "არტ-გენი" უკვე მეცხრე წელია ტარდება. მის მიზანს ქართული ფოლკლორის და სხვადასხვა ძირძველი ტრადიციების მოძიება და მათი პოპულარიზაცია წარმოადგენს.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. ფესტივალის მხარდამჭერები კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თბილისის მერია არიან.
მასალის გამოყენების პირობები