“ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია, რომელიც სამეგრელოში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს, დღეს ზუგდიდში ჭითაწყარის ტერიტორიაზე მდებარე ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ერთ-ერთ დამხმარე ნაგებობაში ჩასახლებულ დევნილებს ეწვია და მათ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
მისი თქმით, დევნილების მდგომარეობა ისეთი მძიმეა, რომ ამას ვერც სიტყვა აღწერს და ვერც ვიდეოკამერა:" ნესტი, დანგრეული კედლები, სახურავის ნაცვლად - ცელოფანი, მღრღნელები, ბეტონის იატაკი, ქათმების და ადამიანების ერთად თანაცხოვრება - ეს იმ 10 ოჯახის ხვედრია, რომლებიც უკვე წლებია ამ ე.წ. "შენობაში" ცხოვრობს. დაპირებების მიუხედავად მათი მდგომარეობა არ იცვლება. ზოგიერთ ოჯახს ბარგი ახლაც შეკრული აქვს, რადგან ბათუმში გადაყვანას პირდებოდნენ", - განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.
მისი განცხადებით, სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელმა დალი ხომერიკმა უმოკლეს ვადაში, ის მაინც უნდა გააგებინოს მსგავს პირობებში მცხოვრებ დევნილებს, რა ბედი ელით და როდის ეღირსებათ ნორმალურ საცხოვრებელ ადგილას გადასვლა.–დასძენს ნაჭყებია.
მასალის გამოყენების პირობები