9 ივლისს, სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამა იწყება, რომელიც 9 ნოემბრამდე გაგრძელდება. მთავრობის დადგენილებით, ამ პროგრამით სარგებლობა შეეძლებათ როგორც საქართველოს მოქალაქეებს , ისე მოქალაქეობის არმქონე პირებს. სამუშაოს მაძიებლად დარეგისტრირება 15 წლიდან იქნება შესაძლებელი, თუმცა 15-დან 18 წლამდე პირებს ამისთვის მეურვის თანხმობა უნდა ჰქონდეთ.
რაც შეეხება აკრძალვებს, დასაქმების პროგრამით სარგებლობის უფლება არ ექნებათ პირებს, რომლებიც არ იმყოფებიან ოჯახში 12 თვის და მეტი პერიოდის განმავლობაში, ყაზარმებში მცხოვრებ სამხედრო პირებს, მათ შორის წვევამდელებს და საპატიმროებში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, თავშესაფრებში/პანსიონატებში, სააღმზრდელო და სხვა ინსტიტუციურ დაწესებულებებში მყოფ პირებს და სკოლის მოსწავლეებს.
პროგრამის ფარგლებში, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის კითხვარების ფორმები დაიბეჭდება. კითხვარებს მოქალაქეებს ადგილზე შეავსებინებენ. მოქალაქეებთან ვიზიტი კი ელექტროენერგიის სააბონენტო ნომრის მისამართების მიხედვით მოხდება. ამის შემდეგ უკვე სამუშაოს მაძიებელთა ერთიანი მონაცემთა ბაზა შეიქმნება და მასში არსებული მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული სამინისტროებისა თუ უწყებებისთვის.
"სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვა ნებაყოფლობითი და უფასო უნდა იყოს. სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამას, სოციალური მომსახურების სააგენტო განახორციელებს, რომელიც უფლებამოსილი იქნება პროცესთან დაკავშირებით, შესაბამისი სამართლებრივი აქტები მიიღოს", - ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში და აღნიშნულია, რომ პროგრამა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან განხორციედლება და მის ბიუჯეტს შესაბამისი მუხლიც დაემატება.
სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის ეფექტურად განხორციელების მიზნით, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს 10 ივლისამდე უნდა მიაწოდოს ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო მომხმარებელთა/აბონენტთა სია.
ასევე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ სოციალური მომსახურების სააგენტოს 10 ივლისამდე ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო მომხმარებელ დევნილთა ოჯახების სია უნდა მიაწოდოს.
სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებათა ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობა, სამინისტროებმა, სახელმწიფო მინისტრების აპარატებმა და სახელმწიფო რწმუნებულებმა - გუბერნატორებმა უნდა უზრუნველყონ. ასევე, პროგრამისთვის ხელშეწყობას სთხოვენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსაც.
დასაქმების მსურველთა ბაზა საბოლოოდ დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატს გადაეცემა.
საქართველოსა და მოლდოვას შორის საბაჟო სფეროში ურთიერთდახმარების ხელშეკრულება გაფორმდება
მასალის გამოყენების პირობები