Error
პოლიტიკა
სერგეი ლავროვი ჰააგაში უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელს შეხვდა
რუსეთის პოზიცია ყირიმთან მიმართებაში უცვლელია. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრეი დეშიცამ ჰააგაში რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. "როგორც იქნა, შევხვდი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს. თუმცა, ახალი არაფერი თქმულა. რუსეთს ისევ ძველი რიტორიკა აქვს", - დაწერა "ტვიტერზე" ანდრეი დეშიცამ. თავის მხრივ, ლავროვის განცხადებით, უკრაინისთვის აუცილებელია სრული საკონსტიტუციო რეფორმა ქვეყნის ყველა რეგიონის მონაწილეობით. "ჩვენ ვერ მოვახვევთ ამას უკრაინელებს, მაგრამ ეს არის ჩვენი შეფასება უკრაინაში შექმნილ ვითარებაში. სრული საკონსტიტუციო რეფორმის გარეშე უკრაინის შიდა კრიზისის დაძლევა რთული იქნება", - განაცხადა ლავროვმა. ამასთან, რუსეთი აქამდე არ აღიარებდა უკრაინის ახალ ხელისუფლებას და უარს ამბობდა კიევთან, დიპლომატების დონეზე კონტაქტზე. თუმცა, სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინის უმაღლესი რადას მიერ დანიშნულ მინისტრთა კაბინეტთან კონტაქტი მას თავად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაავალა. "ასეთი კონტაქტები განხორციელდება და ეს შეხვედრა ერთ-ერთი მათგანია", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
Print