პოლიტიკა
ამირან ლაგვილავა: "ნაციონალური მოძრაობის" წევრი არასოდეს ვყოფილვარ (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამირან ლაგვილავა აცხადებს, რომ ის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი არასოდეს ყოფილა.

"განცხადება პარტიაში შესვლაზე არ დამიწერია და გასვლაზე როგორ დავწერდი".

ჟურნალისტების კითხვაზე რა დამსახურებისთვის მიიღო მან ღირსების ორდენი, პასუხობს: "რვა წელი ვემსახურე იმ მთავრობას".

ცნობისთვის, მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" ხელმძღვანელის კახა მიქაიას ინფორმაციით, კორცხელის "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამირან ლაგვილავა დღემდე "ნაციონალური მოძრაობის" წევრია. მან საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს ლაგვილავას პარტიული მანდატი უჩვენა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ამირან ლაგვილავა 2012 წელს ღირსების ორდენითაც დააჯილდოვა.

"ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ლაგვილავა სოფლის მაჟორიტარობის კანდიდატად რამდენიმე დღის წინ წარადგინა. საკრებულოს შუალედური არჩევნები 22 მაისს გაიმართება.

Print