საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე სამი კანდიდატურა წარადგინა. ცესკო-ს ინფორმაციით, ესენი არიან თამარ ჟვანია, მანუჩარ გამყრელიძე და კონსტანტინე ამირეჯიბი.
კანონმდებლობის მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 15-ე დღისა პრეზიდენტი სამოქალაქო სექტორთან კონსულტაციების შემდეგ, თავმჯდომარის თანამდებობაზე ცესკოს წარუდგენს 3 კანდიდატურას. ცესკო-ში პარტიების მიერ დანიშნული წევრები (გარდა წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიის მიერ დანიშნული წევრისა) თავმჯდომარეს 5 დღის ვადაში ირჩევენ.
თუ აღნიშნული წესით ცენტრალური საარჩევნო კომისია ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, იმავე კანდიდატურებიდან ცესკოს თავმჯდომარეს 7 დღის ვადაში ირჩევს საქართველოს პარლამენტი.
ცესკო-ს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა თანამდებობა რამდენიმე კვირის წინ, პოლიტიკური მიზნების გამო დატოვა. ხარატიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები