სამართალი
შსს: საპოლიციო კონტროლის შედეგად გაიხსნა 192 სისხლის სამართლის დანაშაული
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის პრევენციის და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა.
საპოლიციო კონტროლის დროს გამოვლინდა და გაიხსნა 192 სისხლის სამართლის დანაშაული და დაფიქსირდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 966 შემთხვევა.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების მიერ, 2016 წლის 23-26 მარტს მიმდინარე საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველებმა 2 ძებნილი პირი დააკავეს.

საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას უკანონო ბრუნვიდან ამოღებული იქნა შემდეგი სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: 8 ავტომატი, 8 პისტოლეტი, 4 რევოლვერი, 4 ყუმბარმტყორცნი, 6 შაშხანა, 9 გადაჭრილი სანადირო თოფი, 3 მცირეკალიბრიანი შაშხანა, 50 ხელყუმბარა, 6 ჭურვი, 3 ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი, 3 კვამლმდენი, 7 ამფეთქი ფალია, 8 ელექტრო დეტონატორი; 1 კაფსულდეტონატორი, 2.1 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი,4540 ცალი სხვადასხვა კალიბრის ვაზნა. ასევე, ამოღებულია: 9 შეკვრა და 0,8345 გრ. ჰეროინი, 1,5 გრ. ბუპრენორფინი, 10 შეკვრა და 39 აბი სუბოქსინი,45 აბი კოდეინი, 8 შეკვრა მარიხუანა, 39 შეკვრა და 450 გრ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ე.წ. "ბიო", 250 აბი აქტიფედი, 361 აბი სხვადასხვა ფსიქოტროპული მედიკამენტი, 8 ცალი ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი საინექციოდ გამზადებული შპრიცი და 1 ძირი კანაფი.

საპოლიციო კონტროლის დროს ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დააკავეს 59, ხოლო ადმინისტრაციული წესით -148 პირი.

Print