სპორტი
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გახდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ლევან კობიაშვილი აირჩიეს. ფარული კენჭისყრით, 18-მა დელეგატმა მხარი დაუჭირა ლევან კობიაშვილს, ხოლო 15-მა - რევაზ არველაძეს.  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძოდა - რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია. ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა. აქამდე ეს თანამდებობა ზვიად სიჭინავას ეკავა, რომელიც ვადაზე ადრე, არჩევნებამე დაახლოებით ერთი თვით ადრე გადადგა. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე- პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ასრულებდა.  "ჰოლიდეი ინნ"-ში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დაძაბული ვითარება იყო. სასტუმროსთან მიმდინარეობდა ლევან კობიაშვილისა და რევაზ არველაძის მხარდამჭერი აქციები. რამდენჯერმე მოხდა არველაძისა და კობიაშვილის მხარდამჭერებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება. დღის გამნავლობაში კამათობდნენ ერთ-ერთი დელეგატის, გეგა გობეჯიშვილის დაკავების ფაქტზე.   გობეჯიშვილი, რომელიც  ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ბრალდებით დააკავეს, სასამართლომ 500-ლარიანი ჯარიმით გაათავისუფლა. მან გათავისუფლების შემდეგ განაცხადა, რომ მხარს რეზი არველაძეს დაუჭერდა. თუმცა, უეფა-ს გადაწყვეტილებით, გობეჯიშვილს არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია და იგი სხვა დელეგატმა შეცვალა.
Print