ახალი ამბები
21 წლის გიორგი ახალაიას მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ დააკავა
პოლიციამ 21 წლის ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული, 2006 წელს დაბადებული პირი (ლ.გ). დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ერთ-ერთი ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით 2004 წელს დაბადებული გ.ა. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი ახალგაზრდა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.გ., მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია 21 წლის  ახალგაზრდა, სპორტსმენი გიორგი ახალაია. მკვლელობა 16 მარტს, გვიან ღამით მოხდა.

Print