„ჯან-მედიში“ თურქმა ჰემატოლოგმა ადგილობრივ პაციენტებს კონსულტაცია გაუწია და კონფერენცია ჩაატარა (ფოტო/ვიდეო)
16:07 / 31.07.2024
28 ივლისს, ქალაქ ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ „ჯან-მედიში“, პირველად, თურქეთიდან მოწვეულმა ჰემატოლოგმა, პროფესორმა ჰასან ატილა ოზკანმა გაუწია კონსულტაცია რეგიონის პაციენტებს. ამასთან ერთად, მან სამედიცინო პერსონალს საერთაშორისო პრაქტიკა და საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.
პაციენტების მიღების და სამუშაო პროცესზე დაკვირვების შემდეგ, მან აღნიშნა, რომ მზად არის, მომავალშიც ითანამშრომლოს ქართველ კოლეგებთან, მიიღოს ადგილობრივი პაციენტები, ასევე ხელი შეუწყოს იმ სერვისების ხელმისაწვდომობას, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის დანერგილი ჩვენს ქვეყანაში. „ბევრია პაციენტია, რომელიც საჭიროებს ზუსტ დიაგნოსტირებას და ანალიზების დეტალებს. ზოგიერთ პაციენტს მკურნალობა დაწყებული აქვს, ზუსტი დიაგნოზის დასმამდე და ანალიზების გაკეთებამდე, ამიტომ, არსებობს გარკვეული პრობლემები, რადგან უკვე დაწყებული მკურნალობის პროცესში, უფრო რთულია დიაგნოზის დასმა. დღეს ძალიან კარგად ვიმუშავეთ და ის, რაც ჩვენ შეგვიძლია, მაგალითისთვის, არის კონსულტაციების და ვიზიტების დანიშვნა პაციენტებისთვის, განსაკუთრებით რთული შემთხვევებისთვის. გარკვეული ტესტები არ არის საქართველოში და თუ ისინი მიუწვდომელია, ჩვენ შეგვიძლია ამ მიმართულებით დაგეხმაროთ.
რაც შეეხება მენეჯმენტს, მაგალითად, თუ ზოგიერთ პაციენტს დასჭირდა ტრანსპლანტაცია, სპეციფიკური მედიკამენტები, რომლებიც არ არის ხელმისაწვდომი თქვენს ქვეყანაში, საქართველოში, ჩვენ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ, ამ მიმართულებითაც. ჩვენ შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ და ნაბიჯ - ნაბიჯ, პაციენტიდან პაციენტამდე, ბევრი რამე ვისწავლოთ ერთმანეთისგან“, - ამბობს თურქი სპეციალისტი. „ჯან მედის“ დირექტორის ლელა ქაჯაიას თქმით, კლინიკებს შორის მსგავსი საერთაშორისო ურთიერთობები მნიშვნელოვანია, როგორც პაციენტის მკურნალობის პროცესის გაუმჯობესების, ასევე ჰემატოლოგების პრაქტიკული შესაძლებლობების განვითარების კუთხით.
„ერთი წლის წინ, როდესაც გაიხსნა კლინიკა „ჯან-მედი“, ჩვენ შევპირდით მოსახლეობას, რომ დიაგნოსტიკური ცენტრი „ჯან-მედი“ გავიდოდა საერთაშორისო ურთიერთობებზე. სწორედ დღეს, „მედიქალ პარკის“ წამყვანი სპეციალისტი, ბატონი ატილა ჩამოვიდა ზუგდიდში, ჩაუტარა კონსულტაცია ადგილობრივ მოსახლეობას. მათი მხრიდან ძალიან დადებითი რეაქციებია, ელოდებიან უფრო მეტ სპეციალისტს თურქეთიდან და ჩვენ ვპირდებით, რომ წინ ძალიან საინტერესო შემოდგომა გველის იმიტომ, რომ „მედიქალ პარკის“ წამყვანი სპეციალისტები ჩამოვლენ ზუგდიდში და სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობას ჩაუტარებენ კონსულტაციებს“, - აღნიშნა მან. კლინიკა ,,ჯერარსის'' ონკოჰემატოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ გერსამია დადებითად აფასებს მოწვეული სტუმრის ვიზიტს და აღნიშნავს, რომ თურქი პროფესორისგან მნიშვნელოვანი რეკომენდაციები მიიღეს, პაციენტების ერთობლივად გასინჯვის ეტაპზე, რაც „ჯან-მედის“ გუნდისთვის საინტერესო გამოცდილება იყო.
„პაციენტების გასინჯვის ეტაპზე, „ჯან-მედის“ გუნდთან ერთად, მონაწილეობა უცხოელმა სტუმარმა მიიღო, რომელიც ჰემატოლოგი, „ჰემატოლოგთა ასოციაციის“ პრეზიდენტი და მისი დამაარსებელია, ასევე, ის „ტრანსპლანტაციის ცენტრსაც“ ხელმძღვანელობს. თითოეულ პაციენტთან კონსულტაციის საფუძველზე, ჩვენ მისგან გარკვეული რეკომენდაციები მივიღეთ. ის დაგვეთანხმა შერჩეული მკურნალობის კურსზე და იმ მიმდინარე გზაზე, რომელსაც გავდივართ თითოეულ პაციენტთან. ჩვენ ვთვლით, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ და გვაქვს საერთაშორისო, ღირებული ხედვები. დიდი მადლობა ქალბატონ ლელას ასეთი შემოთავაზებისთვის და წინ გადადგმული ნაბიჯისთვის, რადგან საერთაშორისო გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება ჩვენი რეგიონისთვის მეტად მნიშვნელოვანია“, - ამბობს გერსამია. ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი „ჯან-მედი“, რომელიც აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით მრავალფეროვან სამედიცინო სერვისებს სთავაზობს სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობას.
ცენტრის მისამართია - ქ.ზუგდიდი, გამარჯვების ქ. #32.
მასალის გამოყენების პირობები