ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა - მეწარმე ქალთა გაძლიერებისთვის (ფოტო/ვიდეო)
12:02 / 15.11.2024
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით. ის ხორციელდება სამეგრელო-ზემო სვანეთში, ასევე, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში. FFBS პროექტის მენეჯერი, ელისო ცხადაია ამბობს, რომ „ზუგდიდი მოლში“ 15-დან 28 ნოემბრის ჩათვლით, წარმოდგენილი იქნება პროექტის მონაწილე ქალების მიერ წარმოებული პროდუქცია, რომელიც როგორც ხარისხით, ასევე მრავალფეროვნებით გამოირჩევა.
„აქ წარმოდგენილია თაფლი მაღალმთიანი რეგიონებიდან, ზემო სვანეთიდან და ლეჩხუმიდან. გვაქვს თაფლი სასაჩუქრე შეფუთვაში,ასევე, სხვადასხვა სოუსი (მწარე და ტკბილი), ჩირები, ნიგოზი ზემო სვანეთიდან, ნიორი, სხვადასხვა სუნელი, ტრადიციული სვანური მდნარი ყველი „ნარჩვი“, ტრადიციული მეთოდებით დამზადებული სვანური მარილი.
აქ შეძლებთ შეიძინოთ სხვადასხვა სახის ტყის მცენარეული ჩაი და ასევე, ევროპულად დამზადებული ყველის სხვადასხვა სახეობა. გთხოვთ, გვეწვიოთ მოლში, შეარჩიოთ და იყიდოთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი და ხელი შეუწყოთ ადგილობრივი მეწარმე ქალების გაძლიერებას“, - ამბობს ელისო ცხადაია. სენაკელ მეწარმე ვენერა ლიპარტია ერთ-ერთია, რომელსაც მოლში გამოფენილი აქვს საკუთარი პროდუქცია, ქართული და ევროპული ყველის სხვადასხვა სახეობა. „დღევანდელ გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილია ჩემს მიერ წარმოებული პროდუქტი „კაშხავალი“, „კაჩოტა“, ასევე, საგაზაფხულო, რომელიც იტალიურია, დამზადებულია, სამეგრელოში, სენაკში. გთხოვთ, მობრძანდეთ ზუგდიდი მოლში, შეიძინოთ ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქცია, რომ ხელი შეუწყოთ ადგილობრივ ფერმერებს“, - აღნიშნავს ის. შეგახსენებთ, ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლის (FFBS) მოდელი შემუშავებულია ქეა საერთაშორისოს გზამკვლევის საფუძველზე და ხორციელდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
მასალის გამოყენების პირობები