დაფინანსებული
"თაობა კონფლიქტს მიღმა" - დოკუმენტური ფილმი სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ ახალგაზრდებისა და ექსპერტების ხედვაზე (ვიდეო)
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".

ფილმი რამდენიმე პარალელური ხაზისგან შედგება. ის აღწერს ახალი თაობის დამოკიდებულებას კონფლიქტის, მისი ტრანსფორმაციის და მშვიდობის მშენებლობის მიმართ.
ფილმისთვის, შემთხვევითობის პრინციპით, ჩატარდა ვიდეო გამოკითხვები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის თბილისში, გორში, ზუგდიდსა და მარნეულში, იმის შესახებ, თუ რას ჰკითხავდნენ კონფლიქტების საკითხებზე მომუშავე ექსპერტებს.

ექსპერტები აფასებენ სხვადასხვა საკითხს, რომელიც უკავშირდება ახალგაზრდებისა და კონფლიქტების ურთიერთდამოკიდებულებას.

„სევდა, დამარცხების გრძნობა, ჩაგვრის განცდა, უსამართლობის შეგრძნება და დაბრუნების სურვილი; „ორივე შემთხვევაში, მაქვს განცდა, რომ დამჩაგრა ჩემზე დიდმა“; თითქოს ვგრძნობ, რომ "არ ვარ სამშობლოში". მინდა მისი (აფხაზეთის/ოსეთის) ნახვა, მაგრამ ალბათ არასდროს მექნება ამის შანსი. ვიცი, რა განცდაა, როდესაც ადამიანს საკუთარი სახლიდან აძევებენ, დაბრუნების შანსის გარეშე“, - ამბობენ დოკუმენტური ფილმის დასაწყისში გამოკითხული ახალგაზრდები.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია სამშვიდობო პოლიტიკის საკითხებით მეტი ახალგაზრდა დაინტერესდეს, რაც გააძლიერებს ალტერნატიული ხედვების შემუშავებას მშვიდობის მშენებლობის პროცესში. ასევე, მათი თქმით, მნიშვნელოვანია გაუცხოების კონტექსტზე მუშაობა, განსხვავებული მიდგომებისა და ინსტრუმენტების შემუშავება. ამასთანავე, საგულისხმოა ტრანსფორმირდეს ნარატივები აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებში, სადაც ნდობის აღდგენა და "მტრის" ხატის დეკონსტრუქცია კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტები გახდება.

Print