ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის მონაწილეებმა ოჯახში ძალადობის შესახებ ჩვენება გამართეს
15:40 / 14.05.2025
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
შეხვედრის მიზანი იყო აუდიტორიისთვის ძალადობის სხვადასხვა ფორმის შესახებ ინფორმაციის თეატრალური ჩვენების სახით მიწოდება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ამასთან, სცენების დასრულების შემდეგ, ჩატარდა დისკუსია, რომელშიც დამსწრეებმა ძალადობის პრევენციის შესაძლო გზები და პრობლემის არსი განიხილეს. „ფორუმ თეატრი ფონდი „სოხუმის“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. ჩვენ გვაქვს თორმეტამდე წარმოდგენა, რომელშიც ძალადობის ყველა ფორმებია გამოხატული და ერთ-ერთი მიზანი არის საზოგადოებას უფრო რეალურად დავანახოთ ძალადობის პრობლემები, ასევე გამოსავალი და დაცვის მექანიზმი. მონაწილეობას იღებენ ახალგაზრდები, რომლებიც არ არიან პროფესიონალი მსახიობები, ასევე, გვყავდა პროფესიონალი რეჟისორი, ქალბატონი მედო ჩიხლაძე“, - თქვა ნინო ჭაბუკიანმა, ფორუმ თეატრის ასისტენტმა. ჩვენების მონაწილე მსახიობი ანი ჭიჭვეიშვილი ამბობს, რომ ძალადობის ყოველი სცენა რეალური ისტორიების მიხედვით დაიდგა, ხოლო მისი აუდიტორიისთვის წარდგენა, საზოგადოებას საჯარო დისკუსიაში მონაწილეობისკენ უბიძგებს.
მასალის გამოყენების პირობები