ცხოველთამოყვარულები: "მაღლაფერიძესთან ხელშეკრულება არ გაფორმდება" (ვიდეო)
19:21 / 08.02.2016
ცხოველთამოყვარულები ზუგდიდის მერს ირაკლი გოგოხიას დახურულ კარს
მიღმა შეხვდნენ და საკუთარი მოთხოვნები გაქცნეს, მათ შორის, არ
გაფორმდეს ხელშეკრულება ი.მ. გიორგი მაღლაფერიძესთან, რომელმაც
ქალაქიდან უპატრონო ძაღლების ოზურგეთის თავშესაფარში დროებით გაყვანა
და მოვლა - პატრონობა უნდა უზრუნველყოს. სამოქალაქო აქტივისტების
მტკიცებით, მაღლაფერიძეს თავშესაფარში ძაღლები გაუსაძლის პირობებში
ჰყავს და მასთან ხელშეკრულების გაფორმება დაუშვებელია.
ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტის ეგნატე შამუგიას ინფორმაციით, მერმა
მათ პირობა მისცა, რომ ინდ.მეწარმე გიორგი მაღლაფერიძესთან
ხელშეკრულებას არ გააფორმებენ.
"ასევე აღსანიშნავია, რომ ააიპ "ზუგდიდდასუფთავებამ" ტენდერი უკანონოდ
გამოაცხადა. კერძოდ, მათ წლიური შესყიდვების გეგმაში გაცილებით
ნაკლები თანხა ჰქონდათ მითითებული, ვიდრე ეს ტენდერის გამოცხადების
დროს იყო. მერმა ასევე მოგვცა პირობა, რომ ამ საკითხს მერიის აუდიტი
შეისწავლის", - აღნიშნა ეგნატე შამუგიამ.
ქალაქ ზუგდიდის მერიაში რადიო "ათინათს"
განუმარტეს, რომ საკითხზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.
ცნობისთვის 5 თებერვალს სამოქალაქო აქტივისტებმა მერიის წინ აქცია „
დაიცავი დაუცველი ცხოველი“ გამართეს, სადაც მოქალაქეები მოითხოვდნენ,
რომ ზუგდიდის მერიამ არ გაუფორმოს ხელშეკრულება ოზურგეთში მოქმედი
თავშესაფრის მფლობელს, ინდმეწარმე გიორგი მაღლაფერიძეს, რომელსაც
ისინი ცხოველებისადმი არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებენ. ასევე
აქციის მონაწილეები მოუწოდებდნენ ქალაქის თვითმმართველობას, ქალაქში
არსებული უპატრონო ძაღლების პრობლემა ჰუმანური გზებით მოაგვაროს.
მასალის გამოყენების პირობები