რეგიონი
ჩიქობავას ქუჩის მოსახლეობამ სხვადასხვა მოთხოვნით გზა გადაკეტა (ვიდეო)

ზუგდიდში,არნოლდ ჩიქობავას ქუჩაზე მცხოვრებმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა და მიმდებარე, მახარაძის ქუჩა გადაკეტა . ადგილობრივები ჩიქობავას ქუჩის განათებას, ასფალტით მოპირკეთებასა და კანალიზაციის მოწყობას ითხოვენ.

აქციის მონაწილეთა განმარტებით, ქუჩის რეაბილიტაციის შესახებ მერიაში განცხადება რამდენჯერმე შეიტანეს ,თუმცა, მათი თქმით, დაპირებების მიუხედავად ყურადღება არავინ მიაქცია. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქმშენებლობის სამსახურის წარმომადგენლები გაესაუბრნენ. მათი თქმით ტენდერი აღნიშნულ ქუჩაზე გამოცხადებულია და სარეაბილიტაციო სამუშაოები,სავარაუდოდ, ერთ ან ორ თვეში დაიწყება .

აღნიშნულ ფაქტს ზუდიდის მერია ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ :
„აქციის მონაწილეების მოთხოვანსათან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ ჩიქობავას ქუჩის მცხოვრებთა პროტესტი უსაფუძვლოა, რადგან მიმდინარე წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია ჩიქობავას ქუჩაზე გარე განათების მონტაჟი. კონკრეტულად ჩიქობავას ქუჩაზე გარეგანათების მოწყობისათვის 34 128 ლარი გაიხარჯება. აღნიშნულ ქუჩაზე გარეგანათების 40 ბოძი დამონტაჟდება. ტენდერი აღნიშნული სამუშაოების განხორციელებისათვის უკვე გამოცხადებულია. 17 მარტს ცნობილი იქნება აღნიშნული სამუშაოების შემსრულებელი კომპანიაც. ტენდერის პირობების თნახმად, გარე განათების დასრულების თარიღად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 78-ე სამუშაო დღეა განსაზღვრული. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩიქობავას ქუჩის პარალელურად, გარეგანათების მოწყობა 55 ქუჩაზე იგეგმება. აღნიშნული ინფორმაცია საჯაროა და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის“.




Print