რეგიონი
ასოციაცია „ათინათის“ ორგანიზებით ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა (ვიდეო)
ასოციაციამ „ათინათი“ ახალგაზრდული ფორუმი გამართა. მას, სამოქალაქო განათლების პროგრამაში „მომავლის თაობა“ ჩართული, სამეგრელოს რეგიონის 17 პარტნიორი სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები დაესწრნენ. ფორუმში ასევე მონაწილეობდნენ რაიონული თვითმმართველობების, ბიზნეს სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

ფორუმის მიზანია მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით თემის ადგილობრივი საჭიროებების კვლევა, გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან თანამშრომლობით, პრობლემის გადაჭრის გზების მოძიება, რეკომენდაციების შემუშავება და პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა. 

აღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე, ფორუმის მონაწილეებმა იმ საჭირბოროტო საკითხებზე იმსჯელეს,რომლებიც მათ აწუხებდათ. მოსწავლეები ოთხ ჯგუფად დაიყვნენ,რომელთაგან თითოეულს, დღის განმავლობაში უნდა მოემზადებინა ოთხი პრობლემური თემა პროექტების სახით. ახალგაზრდებმა რაიონული თვითმმართველობის, ბიზნეს სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს წარუდგინეს მათ მიერ მომზადებული პროექტები, რომლებიც შემდეგ თვითმმართველობის დახმარებით უნდა განხორციელდეს.

ფორუმი ორგანიზებულია სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, მას ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროგრამა სამეგრელოს რეგიონში ხორციელდება ასოციაცია „ათინათის“ მიერ.

ფორუმის დასასრულს მასში მონაწილე მოსწავლეებს სერთიფიკატები გადაეცათ.
Print