რეგიონი
მესტიაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს ჰუმანიტარული დახმარება გადაეცათ
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ და ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

სამინისტროს ცნობით, დევნილებსა და ეკომიგრანტებს გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ჰუმანიტარული ტვირთი (გასაშლელი საწოლები) და კერძო კომპანიისგან სპორტული ფეხსაცმელები გადაეცათ. მინისტრმა ის სახლებიც მოინახულა, რომლებსაც სამინისტრო, მონიტორინგის დასრულების შემდგომ, სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის შეისყიდის.

სოზარ სუბარი სოფელ ჭუბერში აფხაზეთიდან დევნილ ცინდელიანების ოჯახსაც ესტუმრა. სამედიცინო კლინიკა "გორმედმა", სამინისტროსთან ურთიერთპარტნიორობის ფარგლებში, ცინდელიანების 6-სულიან, სოციალურად დაუცველ ოჯახს ავტოსატრანსპორტო საშუალება გადასცა, რაც, უწყების ინფორმაციით, მათ შემოსავლის წყაროს გაჩენაშიც დაეხმარება.

მერაბ ცინდელიანი მეუღლესთან ერთად აფხაზეთში ცხოვრობდა, ომის დაწყების შემდგომ, კი საცხოვრებლად ჭუბერში გადმოვიდა. აფხაზეთის ომის დროს, კოდორის ხეობით წამოსულ დევნილებს ჭუბერში პირველი სწორედ ცინდელიანების სახლი ხვდებოდათ. მათ ასობით დევნილს გაუწიეს დახმარება.

Print