რეგიონი
ლაზიკა კაპიტალმა ზუგდიდის სკოლებს კოლხური ბზის ნერგები გადასცა (ვიდეო)

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლაზიკა კაპიტალმა“ ასოციაცია „ათინათთან“ თანამშრომლობით ზუგდიდის ოთხ საჯარო სკოლას კოლხური ბზის ნერგები

საჩუქრად გადასცა. გრიგოლიშის, ყულიშკარის, ჭაქვინჯისა და ჯიხაშკარის სკოლაში ნერგები მათ მოსწავლეებთან ერთად დარგეს. ღონისძიება "ათინათის" პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში განხორციელებულ ახალგაზრდულ ფორუმზე დაიგეგმა, სადაც "ლაზიკა კაპიტალმა" პროექტს ეკოლოგიის მიმართულებით მხარი დაუჭირა.

ორგანიზაციის ბრენდის განვითარებისა და პრომოუშენის მიმართულების ხელმძღვანელის ლაშა ლოგუას თქმით, მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა გარემოსდაცვით ღონისძიებებში. ამასთან, მან კოლხურის ბზის უნიკალურობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მცენარე გადაშენების პირასაა და განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს.

„ათინათთან" ერთად დაიგეგმა ეს ღონისძიება, ჩვენ ორგანიზება გავუწიეთ ნერგების შესყიდვას და მოსწავლეებისთვის მის გადაცემას“, - განაცხადა ლაშა ლოგუამ.

ცნობისთვის, პროგრამა ,,მომავლის თაობას“ ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. მას სამეგრელოს რეგიონში ასოციაცია „ათინათი“ ახორციელებს.


 

Print