რეგიონი
შსს: გასულ წელს ყაჩაღობისა და ძარცვის შემთხვევები შემცირდა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებული დანაშაულებების სტატისტიკა გამოაქვეყნა. აღნიშნული მონაცემების თანახმად, 2016 წელს დანაშაულთა გარკვეული კატეგორია გაიზარდა, გარკვეული კი შემცირდა.

გასულ წელს ყაჩაღობა 2015 წელთან შედარებით 100 შემთხვევით ნაკლები დაფიქსირდა. კერძოდ, 2015 წელს შსს-ს მიერ რეგისტრირებული იყო ყაჩაღობის 367 შემთხვევა, 2016 წელს 267. 70 შემთხვევით შემცირდა ძარცვის ფაქტები. კერძოდ, 2015 წელს 437, 2016 წელს 367.

ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება (62-ით ნაკლები: 2015 წელს - 312, 2016 წელს - 250);

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება (76 ფაქტით ნაკლები: 2015 წელს - 1 604, 2016 წელს - 1 528);

ხულიგნობა (33-ით ნაკლები: 2015 წელს - 132, 2016 წელს - 99) და მკვლელობის მცდელობა (37 შემთხვევით ნაკლები: 2015 წელს - 124, 2016 წელს - 87).

რაც შეეხება დანაშაულთა იმ კატეგორიას, სადაც მაჩვენებელი გაიზარდა. 2015 წელთან შედარებით ქურდობის 418 შემთხვევით მეტი დაფიქსირდა. კერძოდ, 2015 წელს, შსს-ს მიერ რეგისტრირებული იყო ქურდობის 9 228 შემთხვევა, 2016 წელს ეს მაჩვენებელი 9 646-მდე გაიზარდა.

393-ით გაიზარდა ოჯახური ძალადობის ფაქტებიც. კერძოდ, თუკი 2015 წელს სამართალდამცავებმა ოჯახური ძალადობის 963 შემთხვევა დააფიქსირეს, 2016 წელს ამ მაჩვენებელმა 1 356 შეადგინა. ასევე, 361-ით მოიმატა ნარკოტიკების შეძენა, შენახვა ან გასაღების ფაქტებმა. კერძოდ, 2015 წლის მონაცემებით, აღნიშნული კატეგორიის 2 112, 2016 წელს კი - 2 473 შემთხვევა დაფიქსირდა.

შს სამინისტრო დანაშაულის სტატისტიკის გამოქვეყნების ევროპულ სტანდარტს ამკვიდრებს, რომლის თანახმად, აღნიშნული სტატისტიკა, სტრატეგიული ანგარიშის ფორმატში, პრეზენტაციის სახით, წელიწადში ერთხელ, გაზაფხულზე გამოქვეყნდება.

Print
თეგები: შსს / მონაცემები /