რეგიონი
„მომავლის თაობა“ – პროგრამის შედეგები და შემაჯამებელი ღონისძიება (ვიდეო)
ზუგდიდის ტექნოპარკში ასოციაცია „ათინათმა“ პროგრამის „მომავლის თაობა“ დასკვნითი ღონისძიება გამართა, რომელზეც, პარტნიორ სკოლებთან ერთად, 3 წლიანი თანამშრომლობის შედეგები შეაჯამეს.



მოსწავლეებმა საკუთარ სკოლებში განხორციელებული პროექტების, ინიციატივებისა და სხვადასხვა სახის აქტივობის შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს.



პროგრამის ფარგლებში შექმნილი რეგიონული პედაგოგთა ფორუმის და მიღწეული წარმატებების შესახებ შეკრებილებს ფორუმის კოორდინატორი მაგდალინა თოდუა ესაუბრა.



ყველაზე წარმატებული საკლუბო მუშაობისთვის და კრეატიული პროექტისთვის - „ტექნიკის კონკურსში“ - გამარჯვებულები სენაკის მუნიციპალიტეტის ნოსირის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გრიგოლიშის სკოლები გახდნენ.



განხორციელებული საქმიანობისთვის და პროგრამაში აქტიური ჩართულობისთვის სპეციალური ჯილდო - პლანშეტი თეკლათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგს მაკა ფაციას და ჭაქვინჯის სკოლის მასწავლებელს ლუიზა ძიმისტარიშვილს გადაეცათ.









PH International
-ის წარმომადგენლის თამარ ფრუიძის თქმით, სამოქალაქო განათლების გაძლიერების პროგრამა 2010 წლიდან წარმატებით ხორციელდება.

„ძალიან აქტიურად ხდება რეგიონში ახალი თაობის, ახალგაზრდების ჩართვა ცვლილებების პროცესში. ძალიან მიხარია, რომ  სკოლინდელი ასაკიდან ეჩვევიან ამ პროცესს. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ისინი ღირსეული მოქალაქეები იქნებიან, რომლებიც მართლა შეცვლიან საკუთარ რეგიონს უკეთესობისკენ“, - აღნიშნა ფრუიძემ.



შეხვედრას პროექტის მხარდამჭერები: მარტვილის, სენაკის, წალენჯიხის თვითმმართველობების წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტის რესურსცენტრების ხელმძღვანელები, ასევე პროგრამის პარტნიორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ლაზიკა კაპიტალის“ თანამშრომლები დაესწრნენ.



,,მომავლის თაობა“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის  53 პარტნიორ სკოლაში, ამერიკული ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. პროგრამის პარტნიორი რეგიონში ასოციაცია „ათინათი“ იყო.

Print