რეგიონი
აქციის მონაწილეები: თუ თხილის ზარალს არ აგვინაზღაურებენ არჩევნები არ ჩატარდება (ვიდეო)
ზუგდიდის დაბალი ზონის სოფლების მოსახლეობის ნაწილი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლით იმუქრება. ამის შესახებ მათ დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას თქვეს. კოკის, ორსანტიის, კახათისა და განმუხურის მცხოვრებლები ამბობენ, რომ თუ აზიური ფაროსანას მიერ თხილისა და სიმინდის მოსავლისთვის მიყენებული ზარალი არ ანაზღაურდება, ხელისუფლებას მათ სოფლებში არჩევნების ჩატარების უფლებას არ მისცემენ.ისინი კომპენსაციების გაცემას არჩევნებამდე ითხოვენ.



„კარებს ავჭედავთ ყველა უბანში. მანამდე აქ დავჯდებით და შიმშილობას დავიწყებთ, ერთ კვირას ვაძლევთ დროს, რომ მოგვხედონ“, - თქვა სოფელ კოკის მკვიდრმა ნონა კვარაცხელიამ.

„ყველანი უკიდურეს წერტილამდე ვართ მისული, არჩევნებს ჩაშლის მოსახლეობა... თხილი არ არის, სიმინდი არ არის, რა ვქნათ უკიდურესობამდე ვართ მისულები“, - ამბობს აქციის მონაწილე იამზე გვარამია.



ზუგდიდის დაბალი ზონის სოფლის მოსახლეობამ სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართა. ისინი აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის დათვლასა და კომპენსაციას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული აქციებითა და არჩევნების ჩაშლით იმუქრებიან. მოსახელობა ამბობს, რომ მავნებელმა მათი ერთადერთი შემოსავალის წყარო გაანადგურა.



ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, მათ შორის, ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ზვიად სიჭინავა, "ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატი ლელა ქებურია, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე.


Print