ზუგდიდის მეოთხე საარჩევნო უბანზე თავმჯდომარემ პოლიცია გამოიძახა (ვიდეო)
10:18 / 28.11.2018
ზუგდიდში, მეოთხე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრი ენმ-დან ელისო შენგელია უბნის თავმჯდომარემ გააძევა. მისი ინფორმაციით, შენგელია ფოტოსა და ვიდეოს იღებდა, რისი უფლებაც,
მისი მტკიცებით, არ ჰქონდა. ნანა გურგულიანის ინფორმაციით, ის გაძევების შემდეგ უბანს არ ტოვებდა, რის გამოც გურგულიანმა პოლიცია გამოიძახა. თავად ელისო შენგელიას თქმით, მას ფოტო სარეგისტრაციო ნაწილისთვის და ყუთისთვის არ გადაუღია და მისთვის გაუგებარია, რატომ გააძევა თავმჯდომარემ უბნიდან.
„როცა გავაპროტესტე, რატომ დაწერა ოქმი, მაშინ გადაწყვიტა, გავეძევებინე. ამით, ალბათ, ახდენს ზეწოლას სხვებზე. მეც ჩემს იურისტებთან მქონდა კონსულტაცია და უკანონო არაფერი ჩამიდენია“, - თქვა შენგელიამ. ადგილზე იყვნენ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები. ენმ-წევრის თეიმურაზ ბასილაიას შეფასებით, უბნის თავმჯდომარის ქმედება და ადგილზე სამართალდამცავების გამოძახება ოპოზიციის კომისიის წევრებზე ზეწოლაა.
უბანზე ამ დრომდე რჩებიან სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები