თენგიზ ჯგუშია გზების მოწესრიგების მოთხოვნით მათ გადაკეტვას აპირებს (ვიდეო)
18:36 / 26.03.2019
მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ ლიდერი და სავარაუდოდ, ზუგდიდის მერობის კანდიდატი თენგიზ ჯგუშია ამბობს, რომ ხელისუფლებას ზუგდიდის რამდენიმე უბანში ქუჩების მოსაწესრიგებლად ვადას აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გზების გადაკეტვით იმუქრება.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თამარ მეფის ქუჩაზე განუცხადა, სადაც არსებულ ვითარება გააპროტესტა და ადგილობრივი მთავრობა კორუფციაში დაადანაშაულა.
ჯგუშიამ დაზიანებულ გზის მონაკვეთზე სიმბოლურად ნარცისები დადო და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ბიუჯეტს სწავლობს.
„ვაგრძელებ ნარცისების რევოლუციას. თენგიზ ჯგუშიას, როგორც ზუგდიდის მომავალი მერის ნომერ პირველი პრიორიტეტი იქნება გზები, ტრანსპორტი და ეს ინფრასტრუქტურა. გაწამებულია მოსახლეობა, განსაკუთრებული სიმწვავით დგას ეს პრობლემა და ამის მთავარი პრობლემა არის კორუფცია. მე ამ დღეებში შევისწავლე ბიუჯეტის ანალიზი და ცხადია, რომ იპარავენ და იპარავენ ამ გზების ხარჯზე. დეტალურად შევისწავლი, რამდენია "ატკატებისთვის" გადამისამართებული და რამდენს აპირებენ, რეალურად რამდენი სჭირდება გზებს. ყველაზე მაგრად ხალხს ატყავებენ გზების ხარჯზე. ზუგდიდს სჭირდება სწორი დაგეგმარება და მომჭირნეობა“, - აღნიშნა ჯგუშიამ. თავის მხრივ, ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ტენდერი გამოცხადებულია ზუგდიდში, თამარ მეფისა და თაბუკაშვილის ქუჩებზე გზების რებილიტაციისთვის.
მერიაში ასევე ამბობენ, რომ ქალაქში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება კონსტანტინე გამსახურდიას, თამარ მეფის, თაბუკაშვილის, ჯანაშიას, ხელაიას, ზვიად გამსახურდიას, ლაზის, ჩიქობავას, ბარამიას და ქობულეთის ქუჩებს.
"გზების რეაბილიტაციისთვის წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 36 მილიონი ლარია გამოყოფილი და ეს შეადგენს ძალიან მასშტაბურ სამუშაოებს", - უთხრეს რადიო "ათინათს" მერიის პრესსამსახურში.
რაც შეეხება კორუფციულ ნაწილს, ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ ეს ბრალდება არასერიოზულია და წარმოადგენს ცილისწამებას.
მასალის გამოყენების პირობები