ასოციაცია „ათინათის“ პარტნიორობით სამეგრელოში სკოლა-ბიზნესის ფორუმი გაიმართა (ფოტო, ვიდეო)
13:32 / 02.11.2023
სამეგრელოს რეგიონში სკოლა-ბიზნესის ფორუმი გაიმართა.
პროგრამის ღონისძიებაზე, რომლის პარტნიორი ასოციაცია „ათინათია“, მოსწავლეებმა ადგილობრივ კერძო სექტორს 14 სხვადასხვა პროექტი წარუდგინეს. მათი მიზანი იყო ეპოვათ მსგავსი საკითხებით დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც მხარს დაუჭერენ ამ პროექტების განხორციელებას.
ღონისძიება USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის წარმომადგენელმა ელენე ჩხეიძემ გახსნა, რომელმაც აღნიშნა, რომ შარშან ჩატარებული სკოლა-ბიზნეს ფორუმის ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ხუთი პროექტი დაფინანსდა და ხუთმა სკოლამ იპოვა პარტნიორი ორგანიზაცია.
„წელს, ჯერჯერობით არ ვიცით, რა იქნება, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ უფრო მეტი პარტნიორი გამოჩნდება სასკოლო პროექტების გულშემატკივარი და კიდევ მომავალი 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება USAID სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში მსგავსი ტიპის შეხვედრები. სკოლა და ბიზნესი შეძლებს, შეხვდნენ ერთმანეთს, დაელაპარაკონ, იპოვონ საერთო ინტერესები და ერთად განახორციელონ საინტერესო პროექტები“, - აღნიშნა ჩხეიძემ.
„სკოლა-ბიზნეს ფორუმის პროექტის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობისთვის, რამეთუ რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს აღნიშნული პროგრამით თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინონ, დაეუფლონ პროექტების წერის ხელოვნებას, პრეზენტაბილურები იყვნენ, რაც, საბოლოო ჯამში, ეხმარებათ იმაში, რომ თავიანთი მომავალი სწორად და კარგად დაგეგმონ. ჩვენ გვეხმარება იმაში, რომ შევარჩიოთ ჩვენი კომპანიებისთვის, შრომითი ბაზრისთვის ნიჭიერი, შრომისმოყვარე, მიზანდასახული და პასუხისმგებლიანი თანამშრომლები“, - თქვა მან. ასევე, საკუთარი კომპანიების შესახებ ისაუბრეს „ვივა დეველოპმენტის“ პროექტის მენეჯერმა ლაშა გვაჯაიამ და ბაზის ბანკის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა ირაკლი გოგიშვილმა.
საინტერესო იყო პროექტის მონაწილე მოსწავლეთა აზრი. მელანო კაკაჩია, ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლე ამბობს, რომ პროექტზე, დიდი ხანია, მუშაობს. „ვინაიდან აფხაზეთის სკოლა ვართ, გადავწყვიტეთ, რომ პროექტი შეგვემუშავებინა აფხაზურ-ქართული ნდობის აღდგენის მიმართულებით. ჩვეულებრივ, სკოლაში ვაკეთებთ ხოლმე ამ მიმართულებით ღონისძიებებს, მაგრამ ჩავთვალეთ, რომ უფრო ფართო მასშტაბი უნდა მიგვეცა და ასე უფრო დიდი შედეგი დაიდებოდა, სწორედ ამაში გვჭირდება სპონსორი კომპანიის დახმარება“, - განმარტა მან. მელანო იმედოვნებს, რომ იპოვის პროექტის დამფინანსებელს, თუმცა, დასძენს, ბიზნეს ფორუმში მონაწილეობა ყველა შემთხვევაში კარგი გამოცდილებაა.
ღონისძიების მსვლელობისას დაჯილდოვდნენ რადიო ,,ათინათი'', “ შპს“პილოტი 2014“, „ვივა დეველოპმენტი“ და „ბაზის ბანკი“, რომლებმაც წინა აკადემიურ წელს დააფინანსეს სასკოლო ინიციატივები.
მასალის გამოყენების პირობები